პირბადე როგორც აუცრელმა, ისე ვაქცინირებულმა ადამიანებმაც უნდა ატარონ. ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს და მოჰყავს ისრაელის მაგალითი, სადაც ზაფხულიდან შემთხვევები გაიზარდა, ამიტომ, ბუსტერ-დოზის გარდა, მთავრობამ დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარების ვალდებულება დააბრუნა.
შედეგად კი ქვეყანამ მიიღო სიტუაცია, როდესაც, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იყო ორი დღე, როცა კორონავისურის შედეგად გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა.
„ამიტომ ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ ორივე მოვლენა – ვაქცინაციის და პირბადის წარმატებული გამოყენება – იძლევა კარგ შედეგს. ამის კიდევ ერთი მაგალითია აიაპონია – 126 მილიონიან ქვეყანაში გუშინ არავინ გარდაცვლილა,“ – აღნიშნა კულუმბეგოვმა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, მართალია, სრული ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს დაინფიცირებისა და ვირუსის გავრცელების რისკს, თუმცა ეს ამ საფრთხეებს მთლიანად არ აქრობს.
თუ ადამიანი კორონავირუსითაა ინფიცირებული და არ იცის ამის შესახებ, ნიღაბი მას ძალიან კარგად აკავებს მის რესპირატორულ წვეთებს და ამით სხვა ადამიანებს დაინფიცირებისგან იცავს.
Healthpartners.com-ის ინფორმაციით, თუ თქვენ ვაქცინირებული ხართ, პირბადის ტარების აუცილებლობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გავრცელებულია COVID-19 თქვენ რაიონში. თუ გავრცელება მნიშვნელოვანი ან მაღალია, ნიღაბი უნდა გეკეთოთ დახურულ სივრცეებში. გარეთ ნიღბის ტარება არაა აუცილებელი, თუმცა მისი ტარება უპრიანი იქნება,თუ გეგმავთ ღია სივრცეში, ხალხმრავალ ღონისძიებაში მონაწილეობას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა გარშემომყოფები აუცრელები არიან.
ნიღბის ტარება თუნდაც ღია სივრცეში განსაკუთრებით კარგი იდეაა, თუ სუსტი იმუნიტეტის მქონე ან აუცრელ ადამიანებთან ერთად ცხოვრობთ, მაგალითად ბავშვებთან ერთად, რომლებსაც არ აქვთ ვაქცინაციის უფლება.
CDC-ის პირველადი რეკომენდაციების თანახმად, სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში არ სჭირდებათ პირბადის ტარება, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა და ვირუსის უფრო გადამდები შტამების გამოჩენამ გაართულა COVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლა.
თუკი აცრილი ადამიანი დაინფიცირდება, დიდია იმის ალბათობა, რომ მას დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობა ჰქონდეს.
თუმცა, უსიმპტომო ინფიცირებულსაც შეუძლია ვირუსი გადასდოს სხვას, რომელსაც, შესაძლოა, დაავადება რთულ ფორმებში დაემართოს. სწორედ ამიტომ, მსოფლიო გაიდლაინების თანახმად, პანდემიის დასრულებამდე და კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებამდე პიბრადე, ვაქცინასთან ერთად, კვლავ ვირუსთან ბრძოლის ერთერთ მთავარ იარაღად რჩება.