მიმდინარე კვირის შაბათიდან, 27 აგვისტოდან,საქართველოში მაღალი სიცხეებია მოსალოდნელი, რომელიც, პროგნოზის თანახმად, მთელი მომავალი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ტემპერატურა 39 გრადუსია, აღმოსავლეთ საქართველოში – 38-მდე.
ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო ზრდის ტყის ხანძრების გაჩენის რისკს.
სპეციალისტები მოსახლეობას შეახსენებენ იმ ზომებს, რომელთა მიღებაც აუცილებელია მაღალი ტემპერატურის პირობებში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის ლელა სტურუას განცხადებით, მოქალაქეებმა, განსაკუთრებით კი ხანდაზმულმა, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა მზეზე სიარულისგან თავი უნდა შეიკავონ, ყურადღება მართებთ მცირეწლოვნების მშობლებს, რომლებმაც შვილები მზეს დღის განმავლობაში მაქსიმალურად უნდა მოარიდონ.
ამასთან, ბავშვებს უნდა ეხუროთ ქუდი, მზეზე არ ითამაშონ.
„უნდა გავაგრილოთ სახლი, ჩამოვაფაროთ სქელი ფარდები, რათა ოთახში მზე არ შემოვიდეს, სასურველია გრილი შხაპის ხშირად მიღება, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მიზანშეწონილია სველი პირსახოცით ან ნაჭრით სხეულის გაგრილება. უნდა ვსვათ დიდი რაოდენობით სითხე წყლის ან ნატურალური წვენების სახით,“- განაცხადა ლელა სტურუამ.
დერმატოლოგი ზაზა თელია მოსახლეობას ურჩევს, მზეზე ყოფნისას მზის დამცავები გამოიყენოს, 11:00-დან 16:00 საათამდე კი, როცა მზის პიკური პერიოდია, თავი შეიკავონ მზეზე ყოფნისგან. მისივე რეკომენდაციაა, ბავშვებს ეხუროთ ქუდი, რომელიც მათ არა მხოლოდ თავს, არამედ კისერსაც დაიცავს. მედიკოსის რჩევაა ასევე მოზრდილებსა და ბავშვებს მზის სათვალეები ეკეთოთ.