საჭიროა თუ არა ორი პირბადის ან N 95 ნიღბის გამოყენება ომიკრონ-შტამის გავრცელების პირობებში? ეს კითხვა სოციალურ ქსელებში ბოლო პერიოდში აქტიურად ისმის.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ზოგ შემთხვევებში რეკომენდებულია ორი პირბადის გამოყენება, თუმცა პირბადე ნაჭრის არ უნდა იყოს. გაბუნია ხაზს უსვამს შენობების პერიოდული განიავების აუცილებლობას, რაც პანდემიის პირობებში დისტანციის დაცვასა და თავყრილობებზე სიარულისგან თავის შეკავებასთან ერთად ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების წესი უნდა იყოს.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ასევე ამბობს, რომ პირბადე აუცილებლად სამედიცინო უნდა იყოს და არა – ნაჭრის. თუმცა N 95-თან დაკავშირებით აცხადებს, რომ ასეთი სახის ნიღბის ტარება მხოლოდ განსაკუთრებულად სარისკო შემთხვევებშია რეკომენდებული. მაგალითად – თუ ადამიანი რისკჯგუფში შედის, ან უწევს ხალხმრავალ ადგილას ყოფნა. მისივე თქმით, აღნიშნულ პირბადეს ასევე აქტიურად იყენებს სამედიცინო პერსონალი. სხვა შემთხვევაში, ყოველდღიური მოხმარებისთვის კი გოგინავა მოსახლეობას სტანდარტული, სამედიცინო პირბადის ტარებას ურჩევს.
„არ არის სავალდებულო, N95 ნიღბის ტარება ყველასთვის სავალდებულო იყოს. სათანადო რაოდენობის ასეთი ნიღბები უბრალოდ არ არის. ეს პანიკას შექმნიდა. მართალია, ომიკრონ-შტამის შემთხვევაში გადადების რისკები გაზრდილია, თუმცა მთავარია, მოსახლეობამ სამედიცინო ნიღბები სწორად და აქტიურად ატაროს. რაც შეეხება N95-ს, ის შეიძლება რაიმე განსაკუთრებული რისკის შემცველ შემთხვევებში ვიხმაროთ. მოგეხსენებათ, საუბარია იზოლაციის ვადების შემცირებაზე. შესაძლოა, ამ სახის ნიღაბი სწორედ ამ ცვლილების შესვლის შემთხვევაში, იზოლაციიდან გამოსული ადამიანებისთვის იყოს რეკომენდებული,“ – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.