იმ გოგონებს, რომელთა ასაკი 18 წელზე მეტია და არ გაუკეთებიათ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრა, მისი გაკეთება შეუძლიათ, თუმცა ამ შემთხვევაში მათ აცრის ღირებულების დაფარვა თავად მოუწევთ, რადგან სახელმწიფო აღნიშნულ ვაქცინაციას მხოლოდ 18 წლამდე გოგონებს უფინანსებს.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ: მიმდინარე წლის იანვრიდან საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა და ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13-18 წლის გოგოებსაც უფასოდ უტარდებათ.
მანამდე ვაქცინით უფასო სარგებლობა 9-12 წლის გოგოებს შეეძლოთ, თუმცა, ღირებულების გადახდის შემთხვევაში, მას სხვა ასაკობრივი ჯგუფებიც იღებდნენ.
ხათუნა ზახაშვილის თქმით, ესაა ვაქცინა, რომელიც გოგონებს სამომავლო ცხოვრებაში დაიფარავს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისგან, რომელიც პრობლემატურია ქალებისთვის დ აუარესებს მათი ცხოვრების ხარისხს, ამოკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობას.
„სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გახსნილი ფანჯარა გამოიყენოს ყველამ და ვინც ამ ასაკშია, მივიდნენ თავად ან მშობლებმა მიიყვანონ და ჩაიტარონ ვაქცინაცია. რეკომენდაციაა, რომ ეს აცრა მათ სქესობრივად აქტიური ცხოვრების დაწყებამდე გაიკეთონ, თუმცა შესაძლებელია მისი ნებისმიერ ასაკში ჩატარება,“ – აცხადებს ზახაშვილი.
HPV-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13 – 18 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფებში შემდეგი სქემით ხდება:
15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;
15 – 18 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე.
პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
რაც შეეხება 10-11-12 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფში, აცრების კურსი ორ-დოზიანია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა.