მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ქეთევან შალიკაშვილი: პირველადი ჯანდაცვის განვითარება აუცილებელია
სოფელ კუმისის ოჯახის ექიმი ქეთევან შალიკაშვილი ჯანდაცვის სისტემაში პირველადი რგოლის მნიშვნელობასა და დაავადებების პრევენციაზე გვესაუბრა.

ქეთევან შალიკაშვილი: პირველადი ჯანდაცვის განვითარება აუცილებელია

პირველადი ჯანდაცვა ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრო თანამშრომლობს საკონსულტაციო კომპანია ,,გლობალურ ალიანსთან“ სხვადასხვა საკითხებზე და მათ შორის ერთ–ერთი პირველადი ჯანდაცვის რეფორმა და მისი გაძლიერების სტრატეგიის შემუშავებაა.

სამინისტრომ ,,გლობალურ ალიანსთან“ ერთად უნდა მიიღოს ისეთი სტრატეგიის სამოქმედო დოკუმენტი, რომელიც  საბოლოო ჯამში გაზრდის პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ჩვენი რედაქცია დაინტერესდა რა საკითხებს მიიჩნევენ  ოჯახის ექიმები პირველად ჯანდაცვაში ყველაზე მნიშვნელოვნად და რის გამოსწორებას ისურვებდნენ რეფორმის ფარგლებში.

სოფელ კუმისის ოჯახის ექიმი ქეთევან შალიკაშვილი ჯანდაცვის სისტემაში პირველადი რგოლის მნიშვნელობასა და დაავადებების პრევენციაზე გვესაუბრა:

„პირველადი ჯანდაცვის რგოლი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სოფლად. სოფლის მოსახლეობას არ უნდა უწევდეს შორს წასვლა და ადგილზე შეეძლოს პირველადი გამოკვლევების ჩატარება, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე, ამბულატორიულად არ გაგვაჩნია. ამიტომ, პირველადი ჯანდაცვის განვითარება მნიშვნელოვანი კი არა, აუცილებელია.

აქ ხდება დაავადებათა პროფილაქტიკა და პრევენცია, ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი დაავადება კი უფრო ადვილად განკურნებადია და მკურნალობაც ხელმისაწვდომია. სახელმწიფოსაც გაცილებით იაფი უჯდება ასეთი პაციენტის მკურნალობა, ვიდრე მისი სტაციონარში გადაყვანა“. 

მედიკოსმა ასევე ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელთა მოგვარება აუცილებელია, რათა პირველადმა რგოლმა გამართულად იმუშაოს:

„საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით სათანადოდ აღჭურვის  პრობლემა საერთოა მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა ამბულატორიისათვის. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, გარდა აღჭურვისა, აუცილებელია შენობის რემონტი ან რეკონსტრუქცია. საბედნიეროდ, კუმისში ეს არ გვჭირდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემა. შეიძლება ითქვას, ეს ჩვენი, ექიმებისა და პაციენტების  გულისტკივილია.

ასევე, არ შემიძლია ორი სიტყვა არ ვთქვა ანაზღაურების საკითხზე. ძალიან დაბალი, მიზერული ხელფასები გვაქვს იმასთან შედარებით, რა შრომასაც ოჯახის ექიმები და ექთნები ეწევიან. თუ ეს საკითხიც დადგება დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ მივესალმებით“.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …