რესპირაციულ-სინსიტიური ვირუსი, რომელიც უფრო ხშირად ბავშვებში მაღალი სიცხეებით ვლინდება, შემცირდა, და უკვე გამოჩნდა გრიპის ვირუსი, რაც მოსალოდნელიც იყო. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ყველაზე მეტად გავრცელებულია „ა“ ტიპის ვირუსის რამდენიმე ქვესახეობა, რაც ცნობილი ვირუსებია და არანაირ განსხვავებულ ვირუსზე არ ვსაუბრობთ. ამასთან, გაბუნიას განმარტებით, ავადობის შემთხვევები არის, თუმცა გრიპის და გრიპის მაგვარი ინფექციების ზრდა, დეკემბრის პირველი კვირიდან ნაკლებად აქტიურია.
„რა თქმა უნდა, არის შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ ჯანდაცვის სისტემაზე დიდი დატვირთვა აღარ იგრძნობა. ოჯახის ექიმები შემთხვევებს ბინაზე მართავენ. თუ ნოემბრის ბოლოს იყო მეტი დატვირთვა ჰოსპიტალიზაციის კუთხითაც, განსაკუთრებით კი ბავშვების ჰოსპიტალიზაციის კუთხით, ახლა ეს სურათიც შეიცვალა. არის ერთეული შემთხვევები, როცა მაღალი ტემპერატურის გამო ადამიანს შესაძლოა ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს, მითუმეტეს თუ მას აქვს რაიმე თანხმლები ქრონიკული დაავადება. თუმცა შემთხვევების ძირითადი ნაწილი ბინაზე იმართება,“ – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, გართულებები ამ ტიპის ვირუსებს გაცილებით ნაკლებად ახასიათებს, ვიდრე კოვიდინფექციას ახასიათებდა. არ არის დაფიქსირებული გარდაცვალების შემთხვევები, რომლებიც გრიპს დაუკავშირდებოდა. რაც შეეხება რთულ კლინიკურ სურათს, მინისტრის მოადგილე ამას იმით ხსნის, რომ გასული ორი წელი გრიპის და გრიპისმაგვარი ინფექციების გავრცელებისგან თავისუფალი იყო, რამაც გამოიწვია მოსახლეობის იმუნური სისტემის მოდუნება და გაძლიერებული პასუხი იმ ვირუსებზე, რომლებიც ახლა ცირკულირებს.
„ბავშვებს, რომლებიც 2020-2021 წლებში დაიბადნენ, არ ჰქონიათ შეხება იმ ვირუსებთან, რომლებიც აქამდეც ცირკულირებდა, ამიტომ ისიც არ არის გასაკვირი, რომ ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში მათი პირველი რეაქცია იყოს მეტად უფრო მკაფიო, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ ამ ვირუსს ბავშვი ყოველწლიურად, სეზონურად გადაიტანდა. იგივე შეეხება დიდ ადამიანს, როცა იმუნური ჩავარდნის შემდეგ ხდება ვირუსებით ხელახლა ინფიცირება,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, მოცირკულირე ვირუსებს ახასიათებს ავადობის ტიპური მიმდინარეობა, რაც შესაძლოა 3-5 ან 7 დღე გაგრძელდეს. ასეთ დროს ექიმის რეკომენდაციით სიცხის დამწევი პრეპარატის მიღება სრულიად საკმარისია, ხოლო თუ სიცხეები 7 დღეზე დიდხანს გრძელდება და გამოხატულია ძლიერი ხველა და სუნთქვის გაძნელება, ოჯახის ექიმმა დროულად უნდა მიიღოს ზომები და შესაბამისი მკურნალობა დანიშნოს.
თამარ გაბუნია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობა საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, 50%-მდე აღწევს ანუ 50%-ით იცავს ადამიანს გართულებებისგან, ჰოსპიტალიზაციის რისკისგან და მძიმე შემთხვევების განვითარებისგან.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ შესყიდული 200 ათასი ვაქცინიდან 180 ათასი უკვე გამოყენებულია. გრიპზე უფასო ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის ათი დეკემბრის ჩათვლითაა ხელმისაწვდომი.