კოვიდ პანდემიამ ნათლად დაგვანახა ქრონიკული დაავადებების პრევენციის მნიშვნელობა და შესაბამისად, ჯანსაღი ცხოვრების სტილის – სწორი კვების, რეგულარული ფიზიკური აქტივობის, სრულყოფილი ძილის როლი ამ პროცესში. ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ინტეგრაციული და ფუნქციონალური მედიცინის სპეციალისტი ქეთევან შავლიაშვილი აცხადებს. მის მოსაზრებებს პლატფორმა „სფიჩი“ აქვეყნებს. იგი ექიმის მხრიდან პაციენტთან სწორი კომუნიკაციის აუცილებლობაზეც საუბრობს.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში 7 წლის წინ ჩამოვედი. მანამდე, 16 წლის განმავლობაში, ვცხოვრობდი და ვმუშაობდი პორტუგალიაში, სადაც, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, 1999 წელს ოჯახთან ერთად გავემგზავრე. არ იყო ადვილი ჩემთვის სრულიად უცხო ქვეყანაში ინტეგრირება და პროფესიული წინსვლა. თუმცა, მალე დავეუფლე პორტუგალიურ და ესპანურ ენებს. ჩემი პროფესიული კარიერა დაიწყო და გაგრძელდა ლისაბონის და პორტოს წამყვან ჰოსპიტლებში ინტერნშიპებით და ლისაბონის სამედიცინო კლინიკებში მუშაობით. ჩემი კარიერა განვითარდა ინტეგრაციული და ფუნქციონალური მედიცინის განხრით, მოკლე ხანში, ლისაბონში დავაფუძნე საკუთარი, პრევენციულ მედიცინაზე ორიენტირებული კლინიკა, სადაც ინტეგრაციული და ფუნქციონალური მედიცინის ექიმ-სპეციალისტის ფუნქციების შეთავსება მომიწია კლინიკური დირექტორის პოზიციასთან. პარალელურად, მუდმივად ვაგრძელებდი სამედიცინო განათლებას და ვცდილობდი ახალი კომპეტენციების დაუფლებას; ლისაბონში გავიარე სამედიცინო აკუპუნქტურის და ელექტრო-სტიმულაციის სადიპლომო კურსი, ასევე, ლისაბონის ჯანდაცვის ტექნოლოგიების სკოლის საერთაშორისო კურსი რადიოლოგიაში. 2012 წელს ჩავირიცხე ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ლისაბონის Universidade Autonoma-ს ბიზნეს სკოლაში. აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა ჯანდაცვის მენეჯმენტში (Executive MBA in Healthcare Management and Economics) ევროპის რეიტინგით ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამაა, რომლის გავლაც ბევრის მომცემი, თუმცა საკმაოდ შრომატევადი პროცესი აღმოჩნდა. პროგრამამ მასწავლა, როგორ შემეთავსებინა კლინიკური ნაწილი მენეჯმენტთან და მომცა შესაძლებლობა, მოქმედი კლინიცისტის პოზიციიდანაც ეფექტურად მემართა ჩემი საკუთარი სამედიცინო პრაქტიკა. პარალელურად, შესაძლებლობა მქონდა, მემუშავა ლისაბონის ნატურალური მედიცინის ინსტიტუტის კათედრის ლექტორად და მედიცინაში ჩემი ცოდნა და გამოცდილება სტუდენტებისთვის გამეზიარებინა.
სწავლების გამოცდილება ძალიან დამეხმარა ჩემი პროფესიული კარიერის მანძილზე, გამიუმჯობესა კლინიკური უნარები და გაამდიდრა ჩემი პროფესიული ხედვა. სწავლებამ გამიმყარა სიყვარული მედიცინის და პაციენტების მიმართ, გამიჩინა მოტივაცია და სურვილი, მესწავლებინა არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ პაციენტისთვისაც.
პაციენტისთვის კომფორტული და მნიშვნელოვანია ისეთ ექიმთან ურთიერთობა, რომელსაც აქვს საკმარისი მოთმინება და უნარი, ახსნას ჯანმრთელობის კომპლექსური პრობლემა მარტივად და მკაფიო ენით.
ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ, მომიწია უცხო ენაზე ცხოვრების კიდევ ერთხელ თავიდან დაწყება. თუმცა ცოდნა, გამოცდილება, მუდმივად განვითარების და წინსვლის სურვილი, პოზიტიური აზროვნება, სტრესის მართვის უნარი დამეხმარა, გადამელახა პრობლემები და შედარებით ადვილად მომეხდინა ინტეგრირება ახალ პროფესიულ გარემოში. კლინიკურ და მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის პარალელურად, ექიმის უწყვეტი განათლების ფორმატში, გავიარე ნიუ იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის ბიოსამედიცინო კვლევის სასერთიფიკაციო კურსი; სპეციალიზაციის სასერთიფიკაციო კურსები აშშ-სს წამყვან უნივერსიტეტებში და სამედიცინო სკოლებში- სტენფორდის, ჰარვარდის, ჯონს ჰოპკინსის და კალიფორნიის უნივერსიტეტებში.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში ეპიდემიოლოგიის სასერთიფიკაციო კურსის გავლის პარალელურად, პანდემიის დაწყებისთანავე, 2020 წლის მარტში, შევუერთდი გადაუდებელი დახმარების სამსახურის, ამერიკის კრიზის ცენტრის სამედიცინო გუნდს. ჯგუფის სხვა მოხალისე წევრებთან ერთად, თვეების განმავლობაში, სამედიცინო კონსულტაციების სახით, დახმარებას ვუწევდი ამერიკაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს. ამავდროულად გავდიოდი ჯონს ჰოპკინსის, სტენფორდის და ჰარვარდის უნივერსიტეტების ონლაინ ტრენინგებს და სასერთიფიკაციო კურსებს კოვიდ-19-ის ამბულატორიულ მართვაში. პანდემიის დასაწყისში, როდესაც ცოტა რამ იყო ცნობილი ვირუსის და უშუალოდ კოვიდ ინფექციის შესახებ, მტკიცებულებებზე დამყარებულ, სწორ ინფორმაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა პანდემიასთან გასამკლავებლად. ზემოთაღნიშნულმა ფაქტორებმა და ასევე, კოვიდ-19-ის შესახებ ყოველდღიურად განახლებადი მასალის აქტიურად თვალის დევნებამ, შესაძლებლობა მომცა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და სანდო ინფორმაცია შეძლებისდაგვარად რეგულარულად მიმეწოდებინა ქართველი ემიგრანტებისათვის სოციალური ქსელის საშუალებით. ჩემთვის დიდი პატივი და უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, საქართველოს მთავრობის და დიასპორის სახლის მიერ, პანდემიის დროს, ქართველი ემიგრანტებისთვის გაწეული დახმარებისთვის მონიჭებული ჯილდოები; მიღწეული წარმატებების და ქართულ-ამერიკული საზოგადოებისთვის გაწეული დახმარების გამო ქართული დიასპორის და New York State Assembly-ს მიერ გადმოცემული ჯილდო. თუმცა, ჩემთვის ყველაზე მაღალი შეფასება სითბოს და მადლიერების გამოხატვაა, რასაც მუდმივად ვხვდები იმ ადამიანების უმრავლესობისგან, ვისაც ოდესმე ჩემი პროფესიის ფარგლებში დავხმარებივარ.
კოვიდ პანდემიამ ნათლად დაგვანახა ქრონიკული დაავადებების პრევენციის მნიშვნელობა და შესაბამისად, ჯანსაღი ცხოვრების სტილის – სწორი კვების, რეგულარული ფიზიკური აქტივობის, სრულყოფილი ძილის როლი ამ პროცესში. თუ თავდაპირველად კლასიკური გზით ვფიქრობდი ჩემი პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას აშშ-ში, კოვიდ პანდემიით მიღებულმა გამოცდილებამ დამარწმუნა ფუნქციონალურ მედიცინაში ჩემი ცოდნის და გამოცდილების მნიშვნელობაში. შესაბამისად, გადავწყვიტე, შევჩერებულიყავი ფუნქციონალურ მედიცინაზე, რომელიც, სიმპტომების მკურნალობის ნაცვლად, სისტემების ბიოლოგიაზე დაფუძნებული მიდგომაა, დაავადების ძირეული მიზეზის იდენტიფიცირებას და მკურნალობას ახდენს და ცხოვრების სტილის შეცვლით, აქცენტს ქრონიკული დაავადებების პრევენციაზე აკეთებს.
როგორც ფუნქციური მედიცინის სპეციალისტი, ჩემი ინტერესის სფეროა მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეცნიერება, პრევენციული, პერსონალიზირებული და დღეგრძელობის მედიცინა. რამდენიმე კვირაში დავასრულებ ამერიკის ჯანდაცვისა და ქოუჩინგის აკადემიის სასერთიფიკაციო პროგრამას და შემდეგ, ამერიკის ფუნქციური მედიცინის აკადემიის სასერთიფიკაციო კურსს, რის შემდეგაც შესაძლებლობა მექნება სრული დრო დავუთმო ჩემს კერძო პრაქტიკას ფუნქციურ და პერსონალიზირებულ მედიცინაში და კიდევ უფრო მეტი ადამიანის დახმარება შევძლო.
ამჟამად ვმუშაობ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე, მათ შორის ერთი ჩემი პირადი პროექტია. პარალელურად, ვთანამშრომლობ ნიუ იორკის ერთ-ერთ კლინიკურ ცენტრთან, Ahava Medical როგორც ასოცირებული სამედიცინო კონსულტანტი.
როგორც სპიკერს, ხშირად მიწევს პრეზენტაციები ინგლისურ, ესპანურ და ქართულ ენაზე მოსაუბრე სხვადასხვა ჯგუფთან ქრონიკული დაავადებების პრევენციაზე, ჯანსაღი ცხოვრების სტილის, სწორი კვების, რეგულარული ფიზიკური აქტივობის და ა.შ. მნიშვნელობაზე. რეგულარულად მიწევს ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან ურთიერთობა, რომლებიც სხვადასხვა სახის სამედიცინო პრობლემების გამო მომმართავენ რჩევის მისაღებად და რომელთაც, შეძლებისდაგვარად ვცდილობ სამსახურისგან თავისუფალ დროს დავეხმარო.
კარიერის დასაწყისში მყოფ ახალგაზრდა ექიმებს ვეტყოდი, რომ არასდროს შეგაშინოთ სიძნელეებმა. იყავით მაქსიმალურად ცნობისმოყვარე თქვენს პროფესიაში და არ მოგერიდოთ ითხოვოთ დახმარება, როდესაც ეს გჭირდებათ. ბევრ პროფესიულ უნარ-ჩვევას გამოცდილებასთან ერთად ბუნებრივად შეიძენთ, თუმცა, ამის მიუხედავად, არ დაივიწყოთ ექიმის უწყვეტი განათლების მნიშვნელობა; ექიმი მუდმივად უნდა სწავლობდეს და ვითარდებოდეს, რათა სწრაფად განახლებად მედიცინას აუწყოს ფეხი. თანამედროვე რეალობაში უამრავი რესურსი არსებობს, რაც დაგეხმარებათ იმაში, რომ არასდროს შეწყვიტოთ სწავლა!
მედიცინა გულისხმობს ლიდერობას. იყო კარგი ლიდერი — დაგეხმარებათ გქონდეთ კარგი ურთიერთობა თქვენს პაციენტებთან და კოლეგებთან, რაც უკეთეს შედეგებამდე მიგიყვანთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გამოცდილი ან ჭკვიანი ხართ, როგორც ექიმი; თუ თქვენ არ შეგიძლიათ კარგი ურთიერთობის დამყარება თქვენს პაციენტებთან და იმ ადამიანებთან, რომლებთანაც გიწევთ მუშაობა, ეს თქვენს შედეგებზე აუცილებლად უარყოფითად აისახება. ნებისმიერი ადამიანი, როგორც პაციენტი, ბევრად უფრო გახსნილი და დეტალურია თავისი პრობლემის ახსნისას, როდესაც გრძნობს, რომ ექიმი მას უსმენს და მასზე გულწრფელად ზრუნავს.
ვფიქრობ, დიდი პრივილეგიაა იყო ექიმი. ჩვენი პროფესია უამრავ განსხვავებულ ადამიანთან მუშაობის შესაძლებლობას გვაძლევს, რომლებიც თავიანთ ჯანმრთელობას და ზოგჯერ სიცოცხლესაც კი, ჩვენ გვანდობენ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სამუშაო შეიძლება რუტინული გახდეს, შეეცადეთ, ყოველთვის იმოქმედოთ სიკეთით და თანაგრძნობით!“ – წერს ქეთევან შავლიაშვილი.