პირველადი ჯანდაცვის რგოლი ჯანდაცვის სამინისტრომ ახალ პრიორიტეტად გამოაცხადა და რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
რეფორმის ფარგლებში, გარემონტდება და აღიჭურვება ამბულატორიები და პოლიკლინიკები, გადამზადდებიან ოჯახის ექიმები და გაიზრდება მათი ანაზღაურება. პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ მუშაობს.
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის შესახებ ინფექციონისტმა და გასტროენტეროლოგმა ქეთევან ჩიტაიშვილმა ისაუბრა.
„პირველადი ჯანდაცვის რგოლი ჯანდაცვის სისტემაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, რადგან ის ხელს უწყობს პრევენციული მედიცინის განვითარებას. რა თქმა უნდა, მივესალმები პირველადი რგოლის რეფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს პროგრესს და რგოლის და სისტემის განვითარებას“, – ამბობს ქეთევან ჩიტაიშვილი.
იგი მედიკამენტების არსებულ ფასებსა და ხარისხზეც ამახვილებს ყურადღებას.
„იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემამ გამართულად იმუშაოს, სასურველია მედიკამენტების ფასები ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისათვის. თუმცა დღეს ქვეყანაში რთული სიტუაციაა, ლარის კურსის ვარდნის გამო ყველაფრის ფასი იზრდება და რამდენად შესაძლებელია, რომ მედიკამენტების ფასი დაბალი დარჩეს, ვერ წარმომიდგენია.
ფასებმა მოიმატა პროდუქტზეც და რა გასაკვირია, რომ წამლები გაძვირდეს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მათი უმრავლესობა იმპორტირებულია სხვა ქვეყნიდან, ხოლო ის ნაწილი, რაც საქართველოში იწარმოება, მზადდება ასევე იმპორტირებული ნედლეულისაგან.
ვფიქრობ, ეს დიდი გამოწვევაა როგორც სამინისტროსთვის, ისე ზოგადად, მთელი საზოგადოებისთვის. გარდა ამისა, რასაკვირველია, ვისურვებდი მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებას“, – აღნიშნა ქეთევან ჩიტაიშვილმა.