მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პირველადი რგოლის რეფორმა, ეს არის უკეთესი ჯანმრთელობა ყველასათვის
პირველადი რგოლის რეფორმა, ეს არის უკეთესი ჯანმრთელობა ყველასათვის

პირველადი რგოლის რეფორმა, ეს არის უკეთესი ჯანმრთელობა ყველასათვის

თბილისი (BPI) – პირველადი ჯანდაცვის რგოლის ძირეული რეფორმის დაწყების შესახებ რამდენიმე დღის წინ დავით სერგეენკომ დაანონსა. აღნიშნულმა რეფორმამ დიდი დაინტერესება გამოიწვია როგორც მოსახლეობაში, ასევე მედიკოსთა შორის.

პირველადი რგოლის რეფორმის აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ სასაუბროდ ახალგაზრდა ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს, მარიამ აბისონაშვილს მივმართეთ.

ქალბატონო მარიამ, რამდენად მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლი ჯანდაცვის სისტემაში?

პირველადი ჯანდაცვის რგოლი ეს არის პირველი და საკმაოდ მნიშვნელოვანი საფეხური ჯანდაცვის სისტემაში. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზიციის მიერ მოწოდებული განმარტებით, პირველადი ჯანდაცვის მიზანს წარმოადგენს ჯანმრთელობის ხელშეწყობა და მომსახურების ხელმისაწვდომობა ყველასთვის (better health for all!).  საქართველოში კი, ჩემი აზრით, ამ მიმართულებით გარკვეული ხარვეზები არის.

მაინცდამაინც ახლა რატომ  დადგა რეფორმის გატარების საკითხი?

ეს საკითხი, ჩემი აზრით, ყოველთვის მწვავედ იდგა, მაგრამ ყურადღება ახლაღა მიექცა.  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაუმართაობამ, უკმაყოფილო პაციენტების რაოდენობის ზრდამ და სადაზღვეო კომპანიების მოთხოვნებმა ექიმების მიმართ განაპირობა ამ პრობლემის გამწვავება.

რამდენად სჭირდება პირველადი ჯანდაცვა მოსახლეობას?

რა თქმა უნდა, სჭირდება. პირველადი ჯანდაცვის მიზანია, შეამციროს დაავადებათა განვითარების რისკები, იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი მომსახურება, კვალიფიციური კადრების დახმარებით, რათა კომპეტენტური პირების მიერ, საჭიროებიდან გამომდინარე,  მოხდეს პაციენტის გადამისამართება შესაბამის სპეციალისტთან, ან სტაციონარში.

რა ძირითადი გამოწვევები დადგება სამინისტროს წინაშე რეფორმის მიმდინარეობისას?  

პირველ რიგში, უნდა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება, თუ რა არის პირველადი ჯანდაცვის რგოლი, როგორ მუშაობს და როგორ შეიძლება მისით სარგებლობა.

რამდენი ხანი დასჭირდება, რომ რეფორმა თითოეულ ოჯახამდე მივიდეს?

საკმაოდ რთული სათქმელია. პირველ რიგში მაინც ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობამდე სწორად მიტანა მგონია. თითქმის ყველა კლინიკაში არის გაკეთებული სტენდი, რომელიც მოკლედ მიმოიხილავს საყოველთაო დაზღვევის სტრუქტურას და პაკეტში შემავალ მომსახურებებს.

გარდა ამისა, მახსოვს,  როცა აღნიშნული პროგრამა დაიწყო, ტელევიზიითაც მიეწოდებოდა ხალხს ინფორმაცია, მაგრამ საზოგადოების ნაწილი დღემდე არ არის ინფორმირებული მაინც. გარდა ამისა, ყველანაირ რეფორმას აქვს მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც საჭიროებს გარკვეულ დაფინანსებას და დროს. იმედი მაქვს, რომ რეფორმა ეტაპობრივად, მაგრამ შეძლებისდაგვარად  უმოკლეს დროში შეეხება ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს.

როდის შეიძლება ჩაითვალოს რეფორმა წარმატებულად?  

რეფორმას წარმატებულად ჩავთვლი, როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით,  სიკვდილიანობის, პრევალენტობის და ავადობის მაჩვენებლი წინა წლებთან შედარებით შემცირებული იქნება. ეს ეხება ყველა დაავადებას. ასევე, შემცირდება უკმაყოფილო პაციენტთა რაოდენობა.

ორიოდე  სიტყვით  C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. რამდენად მნიშნველოვანია ეს პროგრამა?

ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და მივესალმები ამ წამოწყებას. ჩვენს ქვეყანაში თანდათან იმატებს C ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვი, რაც ძალიან სამწუხაროა. მაგრამ, მეორე მხრივ თუ შევხედავთ, დასმული დიაგნოზების რაოდენობამ იმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტმა პაციენტმა მიაკითხა კლინიკას. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხალხი ინფორმირებულია აღნიშნული დაავადების მძიმე გამოსავლების შესახებ და ამ პროგრამის საშუალებით ბევრად მეტი სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.

ასევე მივესალმები „გლობალ ალიანსის“ მიერ აქტიურ ჩართულობას და მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით. ეს არის საკმაოდ სოლიდური ორგანიზაცია, რომელმაც არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში.

Bpi.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …