ჯანდაცვის პირველადი რგოლის მნიშვნელობაზე და დაგეგმილ რეფორმაზე პედიატრი ნანი ნარეკლიშვილი საუბრობს.
„მივესალმები ჯანდაცვის სამინისტროს წამოწყებას, რომ განავითაროს და გააძლიეროს პირველადი ჯანდაცვის რგოლი მიზანმიმართული რეფორმით, რადგან პრევენციული მედიცინა უმნიშვნელოვანესია. ჯერ კიდევ საბჭოთა დროს, ჯანდაცვის სისტემას ერთ-ერთი ყველაზე დადებითი რაც ჰქონდა, იყო პრევენციული ღონისძიებები, რომელსაც დიდი ყურადღება ექცეოდა. პირველადი ჯანდაცვის რგოლი იყო უფრო ძლიერი. ყურადღება იყო გამახვილებული პაციენტის პატრონაჟზე.
ჩემი მიმართულებითან გამომდინარე ვისაუბრებ ბავშვებზე და გეტყვით, რომ ახალშობილობის პერიოდიდანვე სახლებში უნდა ხდებოდეს ბავშვების შემოწმება, როგორ ვითარდებიან, როგორ იკვებებიან. ფაქტობრივად, პატარების ფსიქო-ნევროლოგიური სტატუსი და განვითარების შემოწმება მთლიანად დამოკიდებულია პირველადი ჯანდაცვის რგოლზე და ამ რგოლმა ეს ფუნქცია უნდა შეასრულოს. სწორი მიდგომაა, რომ პირველადი რგოლი უნდა იყოს მართლაც პირველ ადგილზე“
– აცხადებს პედიატრი.
მისი თქმით, პირველადი რგოლის გარეშე შეუძლებელია სტაციონარის ექიმის მუშაობა.
„ბავშვი როცა ჩვენთან შემოდის სამკურნალოდ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კურსი დავიწყოთ ოჯახის ექიმთან შეთანხმებით და ვაცნობოთ მას ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველადი და მეორეული რგოლი ერთად, შეთანხმებით მუშაობდეს. თუმცა ეს ხშირად ასე არ ხდება და პრობლემადაა ქცეული.
ბევრი ექიმი დამოუკიდებლად ცდილობს უმკურნალოს პაციენტს, იმ ინფორმაციის გარეშე, რასაც ფლობს უბნის ექიმი. ეს ინფორმაცია კი არის, თუ როგორ ვითარდებოდა ბავშვი, მისი ფსიქო-მოტორული განვითარების ისტორია, თუნდაც ის, თუ როგორი შეძლების ოჯახიდან მოდის პაციენტი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ პირველადი რგოლის სიძლიერე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჯანდაცვის სისტემაში“
– განაცხადა ნანი ნაკრელიშვილმა.
პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდიანრეობს და კონკრეტული გეგმა ოქტომბრის ბოლოს იქნება წარმოდგენილი. რეფორმაზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ მუშაობს.