მარინა საბაშვილი: პირველადი რგოლის გაძლიერება შვება იქნება ბიუჯეტისთვის. ჯანდაცვის პირველად რგოლში დაგეგმილ რეფორმას აქტიურად ეხმაურებიან პირველადი რგოლის მედიკოსები. მათი ინტერესი ბუნებრივია, – რეფორმა პაციენტებთან ერთად უშუალოდ შეეხება მათაც და გავლენას მოახდენს როგორც მატერიალურ მხარეზე, ისე ინფრასტრუქტურული მოწყობის კუთხითაც.
კლინიკა ,,მედიკალ პლიუსის“ ოჯახის ექიმი მარინა საბაშვილი დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით ამბობს, რომ დღეს ოჯახის ექიმების საშუალო ხელფასი 300–დან 400 ლარამდეა, და ერთ–ერთი, რაც უნდა გადაჭრას რეფორმამ, ოჯახის ექიმების ღირსეული ანაზღაურების საკითხია. მისი აზრით, მთავარი პრევენციული ღონისძიებებია და დაავადებების გართულებას ყველანაირად უნდა ებრძოლოს როგორც ექიმი, ისე პაციენტი.
,,დიდი ხანია ამ სფეროში ვარ და ჩემი თვალით ვხედავ პაციენტებს, რომლებიც 20 წელია არ ყოფილან ექიმთან და გეგმური კვლევები არ ჩაუტარებიათ. საყოველთაო ჯანდაცვამ საკმაოდ დიდი როლი შეასრულა გაჭირვებული ფენის ჯანდაცვის მხრივ. ამ კუთხით ხალხისთვის ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა. თუმცა, ხშირად ისმის საკითხი სახელმწიფო ბიუჯეტის დაზოგვასთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა, ცალსახაა, რომ პირველადი რგოლის გაძლიერება შვება იქნება ბიუჯეტისთვის. თუ პრევენცია მაღალ დონეზე იქნება, რა თქმა უნდა დაიზოგება როგორც პაციენტის, ისე ზოგადი ხარჯებიც. თუმცა, მოსახლეობისთვის შეღავათიანი უნდა იყოს სერვისები, სხვა შემთხვევაში გაჭირვებული ფენა კვლავაც ვერ შეძლებს გეგმურ ვიზიტს ექიმთან“,– აღნიშნა მარინა საბაშვილმა.