„პირველადი რგოლის ექიმების კვალიფიკაცია უნდა ამაღლდეს და მათი ანაზღაურება უნდა გაიზარდოს“. პ. ყურაშვილის სახ. თბილისის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს იმუნოლოგმა დალი ლეჟავამ ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა შეაფასა.
ექიმის განცხადებით, პირველად ჯანდაცვაში გამოვლენილი დაავადება ბევრად ადვილი სამართავია და შედეგებიც ბევრად უფრო უკეთესია.
„ჯანდაცვის პირველადი რგოლი მართლაც, რომ აბსოლუტურად მოსაწესრიგებელია. ამ რგოლზე ბევრი რამაა დამოკიდებული. პირველად ჯანდაცვაში გამოვლენილი დაავადება ბევრად ადვილი სამართავია და შედეგებიც ბევრად უფრო უკეთესია.
უფრო დაწვრილებით თუ ჩავუღრმავდეით, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხარჯიც გაცილებით ნაკლებია პირველად რგოლთან ურთიერთობისას. ვფიქრობ, ამ რგოლშიც ძალიან გამოცდილი და კვალიფიცირებული ექიმები უნდა მუშაობდნენ“, – მიაჩნია ლეჟავას.
დალი ლეჟავა რეფორმის წარმატებულად განხორციელებისთვის საჭირო საკითხებსაც შეეხო. მისი თქმით, როდესაც ექიმს აკისრია პასუხისმგებლობა, ფაქტობრივად, პაციენტის სიცოცხლე მის ხელთაა, ამიტომ ლეჟავას განცხადებით, ისეთ დაბალ ხელფასზე, როგორც დღეს ექიმს აქვს, არ უნდა უწევდეს მუშაობა.
„მიუხედავად იმისა, რომ სტაციონარში ვმუშაობ, ძალიან კარგად ვიცი, თუ რა მიუღებელი დაფინანსება აქვთ პირველადი რგოლის ექიმებს. როდესაც ექიმს აკისრია ამხელა პასუხისმგებლობა, ფაქტობრივად პაციენტის სიცოცხლე მის ხელთაა, ასეთ დაბალ ხელფასზე არ უნდა უწევდეს მუშაობა. რეფორმის განხორციელებისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ასევე გახლავთ ჯანდაცვის პირველად რგოლში მომუშავე ექიმების გადამზადების საკითხი.
მართალია, პირადად არ მაქვს შეხება პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან, მაგრამ როდესაც ჩემთან მოდიან პაციენტები და მაჩვენებენ დანიშნულებას, რომელიც მათ თან აქვთ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს რეცეპტი არ არის პროფესიონალის მიერ შედგენილი. მათ სჭირდებათ ცოტა უფრო მეტი შრომა, იმისთვის, რომ გახდნენ შემდგარი და ჩამოყალიბებული ექიმები. კერძო კომპანიებმა მეტ–ნაკლებად მოახერხეს ამის გამოსწორება. ექიმს თუ არ აქვს სათანადო კვალიფიკაცია, ის უნდა ჩამოშორდოს საქმეს. ექიმების ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ლეჟავა.
ლეჟავა იმასაც ამბობს, რომ კლინიკები მკაცრადაა გასაკონტროლებელი და წელიწადში რამდენიმეჯერ მაინც უნდა ტარდებოდეს შემოწმება.
„არის შემთხვევები, როდესაც პაციენტი ირიცხება კლინიკაში, მაგრამ რეალურად ის სახეზე არ არის. ეს არის სერიოზული დარღვევა და სახემწიფოს დამატებითი თანხები ტყუილად აქვს გამოყოფილი ასეთი ადამიანებისთვის. მსგავსი შემთხვევები ხდება უფრო გარეუბნის კლინიკებში“, – აცხადებს ლეჟავა.
ექიმმა პირველადი რგოლის რეფორმის ხარჯეფექტურობასაც გაუსვა ხაზი და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა აუცილებლად დაზოგავს ხარჯებს.
„სტაციონარიზაციის ხარჯების თავიდან აცილება ძალიან დიდი შეღავათს მისცემს სახელმწიფოს. ევროპის ქვეყნებს რომ გადავხედოთ, მაგალითად საფრანგეთის პირველადი რგოლის ექიმები რომ ავიღოთ, მათი განათლებისა და კვალიფიკაციის დონე გაგაოცებთ. ეს არის ძალიან დიდი შრომისა და საქმისადმი კულტურულად მიდგომის შედეგი“, – აღნიშნა ლეჟავამ.