დავით სერგეენკომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის დაწყება დააანონსა. პარლამენტში ამ საკითხის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.
კომენტარისთვის ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატს, პროფესიით ექიმს და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრს, მალხაზ წერეთელს მივმართეთ.იგი პირველადი ჯანმრთელობის რგოლის რეფორმის აუცილებლობაზე და მნიშვნელობაზე საუბრობს.
„ველოდებით რეფორმის განხილვას. შინაარსი ვიცი, თუმცა სანამ განხილვა არ დაიწყება, ვერ ვიტყვი რამდენად მორგებულია ჩვენ სისტემაზე. მე შემიძლია ვთქვა, რომ პირველადი ჯანდაცვა საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს. არსებობს, მაგრამ მის ფუნქციებს ვერ ასრულებს. ეს არის მედიცინის საწყისი, მედიცინა იწყება პირველადი ჯანდაცვიდან. ეს არის ძირი, საძირკველი. აქედან იწყება სწორედ ყველაფერი. პირველ რიგში სწორედ აქ ხდება სრულყოფილად ავადმყოფის მიღება და შეფასება.
ეს ნიშნავს ავადობის შემცირებას, მომავალში თანხების დაზოგვას, გაუთვალისწინებელი სამედიცინო სერვისებისაგან და ხარჯებისაგან ავადმყოფის დაცვას. ანუ ეს ნიშნავს დროულ დიაგნოსტიკას, დროულ შეფასებას და დროულ პრევენციას. ეს არის მედიცინის უმიშვნელოვანესი რგოლი“, – ამბობს მალხაზ წერეთელი.
მისივე თქმით, აღნიშნული რეფორმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის.
„საშინელი მდგომარეობაა რეგიონებში. პრაქტიკულად, სოფლები დარჩა პირველადი ჯანდაცვის გარეშე. ის, რომ სადღაც ექიმი ზის, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა. ეს უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი. პირველადი ჯანდაცვის არარსებობის გამო პაციენტთა მომართვიანობა არის ქალაქში, სადაც ყოველთვის რიგებშია. პაციენტმა არ იცის, რისთვის მიდის ექიმთან. ის ჩამოდის სოფლიდან, თუმცა შესაძლოა, არც კი იყო ეს საჭირო. შეიძლება ზედმეტად გაიკეთოს ანალიზი“, – აღნიშნავს იგი.
მალხაზ წერეთელი ექიმთა ანაზღაურების საკითხსაც შეეხო.
„სოფელი ექიმის გარეშეა დარჩენილი, ექთნებიც არა გვყავს. მიზერულ ხელფასზე მუშაობდნენ. უამრავი ნიუანსი არსებობს. ექიმს თუ არ შეუქმენი პირობები, ის თავის მოვალეობას ვერ შეასრულებს ან შეასრულებს ხარვეზებით. ელემენტარული, ექიმს ჯანმრთელობის დაზღვევაც კი არ აქვს. მე ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ეს საკითხები და ყველა ნიუანსი გათვალისწინებული იყოს რეფორმის ფარგლებში“, – განაცხადა მან.