პირველადი ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგია ოქტომბრის ბოლოსთვის მზად იქნება. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახალი რეფორმა გართულებული შემთხვევების მართვისთვის გაწეულ ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. „პირველადი ჯანდაცვა არის ოჯახის ექიმი, უბნის ექიმი.
განვითარებულ ჯანდაცვის სისტემაში პრობლემების 80%-ს აგვარებს ოჯახის ექიმი და პაციენტების მხოლოდ 20%-ს სჭირდება სტაციონარისთვის მიმართვა. ჩვენთან ეს პირიქითაა. 90% მიდის კლინიკაში. ამოცანა არის, რომ პირველადი ჯანდაცვის რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლები გაუმჯობესდეს.
ეს რამდენიმე მიმართულებაა – ინფრასტრუქტურული პროექტები, როდესაც პოლიკლინიკები და ამბულატორიები გარემონტდება და აღიჭურვება.
ასევე პირველადი ჯანდაცვის ექიმების სწრაფი და ეფექტური გადამზადება, რომ მათ მოახერხონ თავიანთი მოვალეობის მაქსიმალურად ეფექტიანად შესრულება და ესაა ფინანსური უზრუნველყოფა, რადგან ოჯახის ექიმების, განსაკუთრებით სოფლის ექიმების ანაზღაურება შარშან სამწუხაროდ, მხოლოდ 30%-ით გავზარდეთ.
დანახარჯები, რაც უნდა შემცირდებს გართულებული შემთხვევების მართვაში, ეს ფინანსური ნაკადები გადამისამართდება პირველად ჯანდაცვაზე.
ოქტომბრის ბოლოს ჩვენ გვექნება უკვე კონკრეტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გაწერილი, რომელსაც გავაცნობთ საზოგადოებას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება ოპენენტების ვარაუდს, რომ რეფორმის განსახორციელებლად ფინანსური რესურსები საკმარისი არ იქნება, მინისტრის თქმით, ანალოგიური მიდგომა იყო საყოველთაო ჯანდაცვისა და ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებთან დაკავშირებითაც, რაც არ გამართლდა. მისი განმარტებით, რეფორმა თანხების დაზოგვას მოახდენს და უმჯობესია, რომ „ოპონენტებმა ჯანდაცვის დაგეგმარების საფუძვლები წაიკითხონ“. სოციალური ქსელები კომენტარები.