“პირველადი ჯანდაცვა: სამომავლო პერსპექტივები საქართველოში” საერთაშორისო კონფერენციას დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეროვნული სამედიცინო-ტრენინგ ცენტრი (სიმულაციების ცენტრი) უმასპინძლებს.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენცია იმართება საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ “გლობალ ალიანსის” (GAHSC) საქართველოს მთავრობასთან ჯანდაცვის სისტემის სრულყოფის მიმართულებით 6 აპრილს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში.
ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობის პარალელურად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი პრიორიტეტული მიმართულება გამოაცხადა და ეს არის ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა.
“გამოკვეთილად და აქცენტირებულად მინდა ვთქვა, რომ ეს იქნება პირველადი ჯანდაცვის ძირეული რეფორმა. მოხდა ისე, რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე არ იქნა ჯეროვანი ყურადღება მიქცეული პირველად ჯანდაცვაზე და მთელი დატვირთვა გადადიოდა ჰოსპიტალურ სექტორზე.ზოგადად, ბევრ ქვეყანას დაემართა ასეთი რამ.
თავისთავად ცხადია. რა რისკებს მოიცავს ეს, როცა პირველად ჯანდაცვას არ აქვს მიკუთვნებული ის თავისი ძირითადი როლი, რაც მან უნდა შეასრულოს და ეს როლი არის იდეალურ შემთხვევაში სამედიცინო საჭიროებების 80%–ის მართვა და მხოლოდ 20% უნდა გადავიდეს სტაციონალურ მკურნალობაზე. თუმცა, ჩვენ რეალობაში ეს უნდა იყოს სამედიცინო საჭიროებების უმრავლესობის მართვა”, – აცხადებს სერგეენკო.
“გლობალ ალიანსის” მიერ ორგანიზებულ კონფერენციას გახსნის და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. სიტყვით გამოვა, ასევე, დოქტორი ჟან-ელი მალკინი, საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ “გლობალ ალიანსის” (GAHSC) პრეზიდენტი.
კონფერენციის ფორმატი ითვალისწინებს “გლობალ ალიანსის” ექსპერტების, პროფესორების პეტერ მაკარასა და დოქტორ ანდრეი მეჩინეანუს პრეზენტაციების წარმოდგენას თემებზე: პირველადი ჯანდაცვა: ჯანდაცვის სერვისების მიწოდების სისტემის ქვაკუთხედი და პირველადი ჯანდაცვა საქართველოში: განახლება და რეინვესტირება.
კონფერენციაზე “გლობალ ალიანსის” ექსპერტების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციების გარშემო დისკუსია გაიმართება ჯანდაცვის სამინისტროს, პირველადი ჯანდაცვის რგოლის დედაქალაქის და რეგიონული წარმომადგენლების, დონორი ორგანიზაციებისა და ქართული სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელთა და დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით.