ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი რგოლის რეფორმას იწყებს. რეფორმის სამოქმედო გეგმა ოქტომბერის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის განხორციელებაში კონსულტაციებს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ გაუწევს.
პედიატრი და ნეონატოლოგი სოფიო ჩხეიძე პირველადი ჯანდაცვის რეფორმას გამოეხმაურა. სოფიო ჩხეიძეს მიაჩნია, რომ პირველადი ჯანდაცვის განვითარება ხელს შეუწყობს პრევენციული მედიცინის განვითარებას. პრევენცია კი გაცილებით ხარჯთეფექტურია როგორც პაციენტისთვის, ასევე – სახელმწიფოსთვის.
„პირველადი ჯანდაცვა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი ჯანდაცვის სისტემაში. პირველადი რგოლის საქმიანობა ეფექტურია იმდენად, რამდენადაც ხელს უწყობს პრევენციული მედიცინის განვითარებას. პრევენცია კი გაცილებით მარტივი, იოლი და ხარჯთეფექტურია, ვიდრე პაციენტის ჯანმრთელობის გართული მდგომარეობის მკურნალობა.
დაავადებათა პროფილაქტიკური მკურნალობა ეფექტურია თავად პაციენტისათვის, შედეგად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ხშირ შემთხვევაში გართულებული დაავადების მკურნალობა დაგვიანებულია და პაციენტის გადარჩენაც რთულდება. გარდა პაციენტისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია სახელმწიფოს ჩართულობა. პრევენციულ, ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი დაავადების მკურნალობა გაცილებით იაფია, ვიდრე გართულებულის მკურნალობა უჯდება სახელმწიფოს.
პრობლემებია სწორედ პირველად რგოლში. ცნობილია, რომ ოჯახის ექიმების ანაზღაურება ერთ პაციენტზე ერთი ლარი და ოთხმოცდათექვსმეტი თეთრია, რაც არაადეკვატურია მათ მიერ გაწეულ შრომასთან შედარებით“, – აცხადებს სოფიო ჩხეიძე.