მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » პირველად რგოლში მეტი გამოკვლევის შესაძლებლობაა საჭირო
კლინიკა „გრინ მედის" ოჯახის ექიმი და პედიატრი ხათუნა ნებიერიძე: პირველად რგოლში მეტი გამოკვლევის შესაძლებლობაა საჭირო.

პირველად რგოლში მეტი გამოკვლევის შესაძლებლობაა საჭირო

ხათუნა ნებიერიძე: პირველად რგოლში მეტი გამოკვლევის შესაძლებლობაა საჭირო. კლინიკა „გრინ მედის” ოჯახის ექიმი და პედიატრი ხათუნა ნებიერიძე ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილ რეფორმას ეხმიანება და მის მნიშვნელობასა და არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

„პირველად რგოლს ჯანდაცვის სისტემაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.  თუ პირველადმა რგოლმა არ იმუშავა, სულ დატვირთული იქნება მეორეული და მესამეული რგოლები. მეორეულში იგულისხმება სპეციალისტები და მესამეულში – სტაციონარი და მთელი მოსახლეობა თუ სტაციონარში დაწვა, შედეგები კარგად მოგეხსენებათ, რაც გვექნება.

გარდა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა, ასეთი მიდგომა ჯანდაცვაში გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების უზომოდ ხარჯვასაც გამოიწვევს. თუ პირველად ჯანდაცვაში არ იქნება კომპეტენტური ექიმი და დროულად არ აღმოფხვრის პრობლემას, პაციენტი გადავა გართულებული ავადმყოფობის ფორმით სპეციალისტთან და ზოგჯერ, როცა სპეციალისტიც ვეღარ შველის, ქირურგიული და მაღალტექნოლოგიური ჩარევა ხდება აუცილებელი. ამიტომ, პირველად ჯანდაცვას და ნორმალურ ლაბორატორიულ კვლევებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”, – აცხადებს ხათუნა ნებიერიძე.

ნებიერიძის მოსაზრებით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმისას გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ რაც შეიძლება მეტი გამოკვლევის საშუალება ჰქონდეს პაციენტს.

„მხოლოდ ელემენტარული ანალიზები არ არის საკმარისი ექიმისთვის პაციენტის მდგომარეობაზე  სრული წარმოდგენის შესაქმნელად და მისი შემდგომი მკურნალობის სწორად დასაგეგმად.

გარდა ამისა, ოჯახის ექიმების გადამზადების საჭიროებისას, რეფორმის ავტორებმა, ვფიქრობ, უნდა გაითვალისწინონ, რომ დღეს ამ კატეგორიის მედ-პერსონალს არანორმირებულ რეჟმში უხდება მუშაობა და შესაბამისად, მათთვის შემუშავებული ტერენინგები თუ სხვა ღონისძიებები, მათ სამუშაო რეჟიმს უნდა იყოს მორგებული.

გადამზადება და მუდმივი განათლება ექიმებისთვის აუცილებელ პირობად მიმაჩნია, ასეთ შემთხვევაში, უახლესი ინფორმაციის მოძიება მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით აღარ მოგვიწევს და მას გადამუსავებული და სისტემატიზებული სახით მოგვაწვდიან შესაბამისი სპეციალისტები”, – განაცხადა ხათუნა ნებიერიძემ.

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის დაწყება მინისტრმა სერგეენკომ რამდენიმე კვირის წინ დააანონსა. ამ რეფორმაზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, მისი კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი” იმუშავებს. 

reportiori.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …