კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, სისხლის პროდუქტების მომარაგებაში დეფიციტი გამოიწვია, რადგან დონაციები შემცირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა და ამ ფაქტის მთავარ მიზეზად დაასახელა არასწორი ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, თითქოს კოვიდგადატანილი ან აცრილი ადამიანების სისხლის დონაციისთვის გამოყენება არ შეიძლება.
იმნაძე ამბობს, რომ, სამწუხაროდ, ხელოვნურად შექმნილი სითხეები ვერ ანაცვლებს სისხლს და მის პროდუქტებს, ამიტომ სისხლის გადასხმა, განსაკუთრებით უანგარო დონორობა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს, მისი განმარტებით, ადამიანების შეგნების და სოლიდარობის ყველაზე დიდი გამოხატულებაა.
რაც შეეხება კონკრეტულ რეკომენდაციებს, იმნაძის თქმით, ყველაზე კარგი იქნება, დონორმა სისხლი კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებიდან ან იმუნიზაციიდან (მეორე აცრის გაკეთებიდან) ორი კვირის შემდეგ გაიღოს. მისი განმარტებით, ამ პერიოდისთვის სისხლში უკვე იქნება ანტისხეულები და ისინი დაიცავს არა მხოლოდ დონორს, არამედ მისგან გადაცემული ანტისხეულები მოხვდება რეციპიენტის ორგანიზმში. პაატა იმნაძის განმარტებით, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ ვაქცინირებული ადამიანი იყოს დონორი და ეს იქნება ორმაგად კარგი საქმე – სისხლის კომპონენტები გამოყენებული იქნება პირდაპირი დანიშნულებით და ამასთან, დონორის სისხლში არსებული ანტისხეულებიც დაეხმარება მიმღებს ჰქონდეს კორონავირუსის საწინააღმდეგო დაცვა.
იმნაძის განმარტებით, კორონავირუსის გადატანიდანაც 2 კვირაა განსაზღვრული იმ ვადად, როცა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა შესაძლოა სისხლი გაიღოს, რადგან აბსოლუტურად გამორიცხულია, ამ ვადაზე ვირუსი რეციპიენტს ანუ სისხლის მიმღებს გადაეცეს. თუმცა ასევე გასათვალისწინებელია კორონაგადატანილი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან არსებობს პოსტკოვიდური სინდრომი, მათ შორის მსუბუქად გადატანილებში, ამიტომ გადაწყვეტილება სისხლის ჩაბარების შესახებ მიღებული უნდა იყოს იმის მიხედვით, როგორ გრძნობს თავს დონორი.
იმ შემთხვევაში, თუ დონორს კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან, მან სისხლის ჩაბარებისგან ორი კვირის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს.
რაც შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც დონორს სისხლის ჩაბარების შემდეგ დაეწყება სიმპტომები და კოვიდი დაუდასტურდება, ამის შესახებ აუცილებლად უნდა შეატყობინოთ სისხლის ბანკს, რათა აბსოლუტურად გამოირიცხოს თეორიული შესაძლებლობაც კი, რომ ეს სისხლი ვირუსის შემცველი იყოს.