მაიმუნის ყვავილის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა უფრო ადვილი გახდა იმიტომ, რომ ჩვეულებრივად, ადამიანიდან ადამიანზე რამდენიმე გადაცემის შემდეგ წყდებოდა ხოლმე მისი გადაცემა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ვირუსი ყურადღების საგანია და ჯერჯერობით შემაშფოთებელი სიტუაცია არ არის. იმნაძის თქმით, ვირუსი ვრცელდება ახლო კონტაქტით, მათ შორის როგორც უშუალოდ, დასნებოვნებულის კანთან, ასევე შესაძლოა გავრცელება იყოს წვეთოვანი გზით, ასევე გადადება შეიძლება თერთრეულით და საგნებითაც. პაატა იმნაძის განცხადებით, თუ საქართველოში ამ ვირუსით ინფიცირების შემთხვევა იქნება, ქვეყანას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ლუგარის ცენტრში ამის დოაგნოსტიკა მოხდეს.
„მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რომელიც აღნიშნავს, რომ 2022 წლის 22 მაისის მდგომარეობით, მსოფლიოში იდენტიფიცირებულია მაიმუნის ყვავილის 92 დადასტურებული და 28 სავარაუდო შემთხვევა (უპირატესად ევროპაში), რომლებშიც ჯერჯერობით არ ვლინდება მოგზაურობის ისტორია დაავადების ენდემურ ქვეყნებში. მაიმუნის ყვავილით გამოწვეული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.
მაიმუნის ყვავილის კლინიკა უპირატესად ყვავილის კლინიკის მსგავსია, თუმცა გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. ინკუბაციური პერიოდი 5-დან 21-დღემდეა (უპირატესად 7-14 დღე).
ესაა ცხელებით (>38.3⁰C) მიმდინარე მწვავე დაავადება, რომელსაც თან ახლავს თავის ძლიერი ტკივილი, ლიმფოადენოპათია, წელის ტკივილი, მიალგია, ძლიერი სისუსტე და 1-3 დღის შემდეგ განვითარებული პროგრესული გამონაყარი, რომელიც ხშირად სახიდან იწყება და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, მ.შ. ფეხის ტერფებსა და ხელის გულებზე. გამონაყარი იწყება მაკულებით, რომლებიც გარდაიქმნება პაპულებად, ვეზიკულებად, პუსტულებად და შემდეგ ქერქად.
დაავადებათა ცენტრის ინფორმაციით, ნატურალური ყვავილის საწინააღმეგო აცრა საკმაოდ ეფექტიანად იცავდა მაიმუნის ყვავილის ვირუსისგანაც
მკურნალობა შესაძლებელია ყვავილის საწინააღმდეგო პრეპარატებით.