ორსულის კოვიდ-19-ით ინფიცირების დროს, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა პაციენტისა და ექიმის მიერ ორსულობის შეწყვეტის გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ამის შესახებ ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ მეორე შუალედურ კლინიკურ რეკომენდაციებში „COVID-19 ინფექციის მართვა ორსულებში“.
დოკუმენტის თანახმად, კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, ორსულობის მე-12 კვირამდე, დაავადების საშუალო და მძიმე ფორმის შემთხვევაში, გართულებების მაღალი რისკის გამო, რომელიც დაკავშირებულია როგორც ვირუსული ინფექციის, ასევე მედიკამენტების ემბრიოტოქსიკურ ეფექტთან, შესაძლებელია პაციენტთან ერთად განხილვა და ორსულობის შეწყვეტა ინფექციური პროცესის განკურნების შემდეგ.
რეკომენდაციის თანახმად, კოვიდინფიცირებულ ქალებს უნდა ჩაუტარდეთ ვენური თრომბოემბოლიის რისკის შეფასება.
რეკომენდაციებში დიდი ადგილი ეთმობა ვაქცინაციას და აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ვაქცინაცია რეკომენდებულია Pfizer-BioNTech ვაქცინით, თუმცა, ახლო მომავალში კლინიკური დაკვირვების დასრულების შემდეგ, სხვა ვაქცინების გამოყენებაც იქნება შესაძლებელი.
დოკუმენტის თანახმად, ორსულობის დროს მიღებული მედიკამენტები არ წარმოადგენენ ვაქცინაციის წინააღმდეგ ჩვენებას, ლაქტაციის დროს ვაქცინაცია რეკომენდებულია და არ საჭიროებს ძუძუთი კვების შეწყვეტას. ვაქცინაციის გავლენა ფერტილობაზე არ აღინიშნება.
გრიპის ვაქცინაცია კი კვლავ უსაფრთხოა ორსულობის ყველა ტრიმესტრში.
ვაქცინაცია რეკომენდებულია ყველა ტრიმესტრში. გამომდინარე იქიდან, რომ ორსულობის მესამე ტრიმესტრში COVID-19-ით გამოწვეული გართულებების სიხშირე იმატებს, უმჯობესია, დელტა ვარიანტის ფონზე, ვაქცინის ორივე დოზა მესამე ტრიმესტრამდე გაიკეთოს ორსულმა. ვაქცინაციის ეფექტურობა შეადგენს 98%-ს და მნიშვნელოვნად მცირდება ჰოსპიტალიზაციის და მძიმე ინფექციის განვითარების რისკი.
„ამ ეტაპისთვის 200,000-ზე მეტი ორსულია მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინირებული; მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე არ ფიქსირდება ვაქცინასთან ასოცირებული რაიმე გართულებები ორსულობის დროს (მაგ: ნაადრევი მშობიარობა, მკვდრადშობადობა, თვითნებითი აბორტი და ა. შ.).“ – აღნიშნულია რეკომენდაციებში.
დოკუმენტის მიხედვით, ალფა ვარიანტით სიმპტომური ჰოსპიტალიზებული პაციენტი 1:10 საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას, დელტას შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებელია 1:7.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ COVID-19 ვირუსის პანდემიამ გამოიწვია მენტალური დაავადებების ზრდა: პერინატალური შფოთვისა და დეპრესიის გახშირება. ასევე, გაზრდილია ოჯახური ძალადობის შემთხვევები.
რეკომენდაციების თანახმად, რეკომენდებულია ყოველ ანტენატალურ ვიზიტზე მენტალური ჯანმრთელობის შესახებ კითხვის დასმა და შესაბამის შემთხვევაში ორსულის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება
მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას ოჯახში ძალადობის გამოვლენა, რომლის რიცხვიც მკვეთრად გაიზარდა პანდემიის დროს.