„მაიმუნის ყვავილს“, 99%-იანი ალბათობით, პანდემიის გამოწვევა არ შეუძლია, მაგრამ ის რისკს წარმოადგენს ორსულების და 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ამიტომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს მზაობა ვირუსის საქართველოში დაფიქსირების შემთხვევაში. ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლობმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას არ აქვს არც ვაქცინა და არც პრეპარატი მაიმუნის ყვავილის გამოვლენის შემთხვევისთვის, თუმცა ვარაუდობს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს უკვე ექნება წარდგენილი შესაბამისი განაცხადი ამ პრეპარატების მისაღებად.
კულუმბეგოვის თქმით, ქვეყანამ უნდა შექმნას პრეპარატების მარაგები, რათა ჰქონდეს პანდემიური მზაობა ყველა შესაძლო ვარიანტისთვის.
ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ორი სახეობის ვაქცინა უკვე არსებობს და, კოვიდ-ვაქცინისგან განსხვავებით, არ მოგვიწევს ახალი პრეპარატის გამოცდის ფაზების ლოდინი. სწორედ ვაქცინის და მედიკამენტების არსებობა იქნება, მისი თქმით, სიმშვიდის გარანტია, რომ მაიმუნის ყვავილის დაფიქსირების შემთხვევაში გვექნება მარტივი გამოსავლის შესაძლებლობა.
იმუნოლოგი ამბობს იმასაც, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჩუტყვავილის სიმპტომების შემთხვევაში მოახდინოს იდენტიფიცირება, არის თუ არა ეს მაიმუნის ყვავილი. შეგახსენებთ, რომ მომდევნო კვირაში საქართველო მაიმუნის ყვავილის გამოსავლენ პისიარ-ტესტებს ელოდება, რომელთა საშუალებითაც ინფექციის იდენტიფიცირება სწრაფად, 2 საათში იქნება შესაძლებელი.
jandacva.ge