ინფექციები, რომლებიც ბავშვებს ოქტომბერ-ნოემბერში უნდა გადაეტანათ, ივლისში გვაქვს. მიზეზი კი ისაა, რომ პანდემიის დროს მოზარდები სტერილურ გარემოში იყვნენ, იცავდნენ ჰიგიენურ ნორმებს, არ დადიოდნენ სარეკრეაციო ადგილებში. ამის შესახებ პედიატრი თემურ მიქელაძე აცხადებს.
მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით მკვეთრად იყო შემცირებული მიმართვიანობა ნაწლავთა ინფექციების გამო. პედიატრის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გახშირდა მიმართვიანობა გამონაყრით, რაც კოქსაკის ვირუსს უკავშირდება და გამონაყართან ერთად დიარეაც ახასიათებს. ექიმის განცხადებით, ყოველდღიურად მასთან ამ სიმპტომატიკით 4-5 მიმართვა ფიქსირდება.
რაც შეეხება სიმპტომატიკას, ვირუსს ახასიათებს მაღალი ცხელება, გამონაყარი ხელებზე, ფეხებზე, პირის ადგილებსა და პირის ღრუში. ერთერთი სიმპტომი შეიძლება იყოს ნაწლავთა გახშირებული მოქმედება.
თემურ მიქელაძე ამშვიდებს მშობლებს, რომ ეს სიმპტომები ერთი ან ორი დღე გრძელდება, მესამე დღიდან კი პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება, ტემპერატურა მაღალი აღარაა. პედიატრი ამბობს, რომ ასეთ დროს მკურნალობა არ არსებობს და მხოლოდ ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება შეიძლება, რადგან პაციენტს შესაძლოა საკვების მიღების პრობლემა ჰქონდეს. ვირუსის გადაცემის გზებია ფეკალურ-ორალური გადაცემა, იშვიათ შემთხვევაში კი – ჰაერწვეთოვანი.
თემურ მიქელაძე აცხადებს, რომ საქართველოში 10 წელზე მეტია დანერგილია როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რის გამოც ეს დაავადება ქვეყანაში შემცირებულია, თუმცა ხშირია ნოროვირუსები, ასტრო, ენტერო, ადენო და სხვა ვირუსები.
საფრთხეები განსაკუთრებით იზრდება ზღვის სეზონის გამო, კერძოდ, ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციების გავრცელება მოსალოდნელია ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე. მიზეზი კი ზღვის და მთის კურორტებზე მალფუჭებადი პროდუქტების მიღება, ჰიგიენური ნორმების დარღვევაა. კვებითმა ტოქსიკოინფექციებმა, მათ შორის სტაფილოკოკის ტოქსინმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა და ღებინება. ამიტომ პედიატრი მშობლებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ ჰიგიენური ნორმების დაცვას ბავშვებში.