მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ონკოპაციენტები დაფინანსების ლოდინში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დროს კარგავენ – როდის შევა ძალაში მინისტრის მიერ დაანონსებული ცვლილება

ონკოპაციენტები დაფინანსების ლოდინში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დროს კარგავენ – როდის შევა ძალაში მინისტრის მიერ დაანონსებული ცვლილება

ჯანდაცვის სექტორში ბოლო პერიოდში არაერთი რეზონანსული რეფორმა განხორციელდა. რიგ საკითხებში კი ცვლილებები დაანონსდა. თუმცა არის პრობლემები, რომელთა მოგვარება წლებია ვერ ხერხდება.

ერთერთი ყველაზე მძიმე საკითხია ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის დაფინანსება. უნდა ითქვას, რომ ამ კუთხით სახელმწიფო ფინანსებს წლიდან წლამდე ზრდის, თუმცა, როგორც რეალობა აჩვენებს, ეს პრობლემას ვერ აგვარებს.

როგორც jandacva.ge-ს მკითხველმა უკვე იცის, ექსპერტების, პაციენტებისა და ექიმ-ონკოლოგების დიდი ნაწილი ითხოვს,  სახელმწიფომ კიბოს მკურნალობა არა ფიქსირებული თანხით (რაც დღეისათვის 25 ათას ლარს შეადგენს), არამედ კონკრეტული დიაგნოზის, პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით დააფინანსოს. მათი კიდევ ერთი მოთხოვნაა, ძალაში შევიდეს დაზღვევის უნივერსალური პაკეტი, რომელშიც ძირითადი რისკები, მათ შორის ონკოლოგია იქნება დაფარული. ამ პაკეტზე დაბალი პაკეტის გაყიდვის უფლება სადაზღვევო კომპანიას არ ექნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველა პაციენტს, იქნება ის საყოველთაო ჯანდაცვით თუ კერძო დაზღვევით მოსარგებლე, ექნება ერთიანი საბაზისო პაკეტი, რომელიც დაუზღვევს ისეთ კრიტიკულ ხარჯებს, როგორიც ონკოლოგიური დაავადების მკურნალობაა. დღეს არანაირი სტანდარტი არ მოქმედებს და ხშირად კერძო სადაზღვევო კომპანიები ყიდიან პაკეტებს, რომელშიც ონკოლოგია საერთოდ არ შედის ან მასში ძალიან დაბალი ლიმიტებია გათვალისწინებული. შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებით მოსარგებლე პაციენტები უკეთეს პირობებში არიან, რაც დისკრიმინაციულია.

იმის უკეთ წარმოსაჩენად, თუ რა რეალობის წინაშე დგებიან როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ისე კერძო დაზღვევის მქონე ონკოპაციენტები, jandacva.ge ორ ონკოპაციენტს ესაუბრა. მათგან ერთი საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობს, მეორე – კერძო დაზღვევით.

ხათუნა ჭინჭარაშვილი ერთერთ კომპანიაში მუშაობს და, შესაბამისად, კორპორატიული დაზღვევით მოსარგებლეა. ხათუნა ყვება, რომ ონკოლოგიის დიანგოზის დასმის მომენტში მას საბაზისო კერძო დაზღვევა ჰქონდა, თუმცა ლიმიტი იმდენად დაბალი იყო, რომ ის მალევე ამოიწურა და ამბულატორიულ კვლევებსაც კი არ ეყო. შესაბამისად, ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის კურსი, ასევე კვლევები მთლიანად თავად დაფარა.

„2018 წელს, როცა ჩემი დიაგნოზი გავიგე, ვსარგებლობდი საბაზისო, კერძო დაზღვევით, სადაც მართალია, ლიმიტი იყო გათვალისწინებული, მაგრამ – ძალიან მცირე. მას შემდეგ ვფიქრობდი, ხომ არ გადავსულიყავი საყოველთაო ჯანდაცვაზე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საყოველთაო არ ფარავს კვლევებს, რომლებიც ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ საკმაოდ მნიშვნელოვანია, გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი კერძო დაზღვევაში და ამეღო ისეთი პაკეტი, რომელიც მეტნაკლებად დიდ ლიმიტს ითვალისწინებს. თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც ამ პირობებით გადაზღვევა არ შეუძლიათ, რადგან კორპორატიული დაზღვევით არ სარგებლობენ. ზოგიერთი კერძო დაზღვევა ონკოლოგიურ ლიმიტს საერთოდ არ ითვალისწინებს. ეს ადამიანები განწირულები არიან, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის შემთხვევაში ვერც იმკურნალებენ. ანუ გამოდის, რომ უნივერსალური დაზღვევა არ არსებობს – არც კერძო და არც საყოველთაო დაზღვევა საკმარისი არაა, რადგან საყოველთაო დაზღვევა ფარავს ქიმიოთერაპიის კურსს და გარკვეულ კვლევებს, მაგრამ არ ფარავს იმ კვლევებს, რომლებიც საჭიროა დაავადების ქრონიკულად მიმდინარეობის პროცესში, ხოლო კერძო დაზღვევა ძალიან ლიმიტირებულია იმ ფინანსურ რესურსში, რომელიც ონკოლოგიაზეა გამოყოფილი.” – აღნიშნა ჭინჭარაშვილმა.

მისი თქმით, ონკოლოგიის მკურნალობა ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ესაა პროცესი, რომელიც არ უნდა შეწყდეს, დაწყებული დიაგნოზის დასმით და  მკურნალობით და მკურნალობის შემდგომი კვლევებით გაგრძელებული. ასევე, როგორც ხათუნა აღნიშნავს,  შესაძლოა საჭირო იყოს ქრონიკული მედიკამენტების მიღება, რომელიც 7-დან 10 წლამდეა საჭირო.

„ვერ ვისაუბრებთ ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე, რადგან კიბო თავისი თვისებებიდან გამომდინარე, იმდენად მრავალფეროვანია, რომ ვხუმრობ ხოლმე, ყველა ონკოპაციენტს თავისი კიბო აქვს-მეთქი. ვიღაცას სჭირდება თარგეტულ თერაპიებზე ყოფნა, რაც ძალიან ძვირადღირებულია და პერმანენტულად მოითხოვს დიდ თანხებს; შესაძლოა იყოს კიბო, რომლის მკურნალობა სტანდარტულად ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ მთავრდება. ამიტომ მკურნალობა და დაფინანსება ძალიან ინდივიდუალური და კონკრეტულ ადამიანზე მორგებული უნდა იყოს,“- აღნიშნა ხათუნა ჭინჭარაშვილმა.

თიკო გიორგიძემ მკურნალობა ახლახანს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებით დაასრულა. ამბობს, რომ მკურნალობის პროცესში ის ფინანსური კუთხით გაცილებით კარგ მდგომარეობაში იყო, ვიდრე კერძო დაზღვევის მქონე პაციენტები, რადგან სახელმწიფომ ქიმიო და სხივური თერაპიები დაუფინანსა. თუმცა დაფინანსების ფიქსირებულმა პრინციპმა ის მაინც დააზარალა, რადგან ოპერაცია დეკემბრის ბოლოს დაინიშნა, იმის გამო კი, რომ წლის ბოლო იყო და ლიმიტი ეწურებოდა, ქირურგიული ჩარევის ღირებულების მხოლოდ 20% დაუფინანსდა, დანარჩენი კი თავად დაფარა.  ამბობს, რომ ინდივიდუალურ საჭიროებაზე მიბმული დაფინანსების შემთხვევაში ეს პრობლემა არ შეიქმნებოდა.

„მე ბევრად კარგ მდგომარეობაში ვიყავი, ვიდრე კერძო დაზღვევის მქონე პაციენტები, რადგან სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ლიმიტი გაცილებით მეტი იყო. თუმცა ხარჯების გაღება მაინც მომიწია, რადგან საყოველთაო ჯანდაცვა დიაგნოსტიკას არ აფინანსებს, ეს კი 3-დან 4 ათას ლარამდე დამიჯდა. თუმცა ქიმიო და სხივური თერაპია დამიფინანსდა. ასევე მიფინანსდება კონტროლისთვის საჭირო პროცედურები. მართალია, მთლიანად არც ეს ფინანსდება, თუმცა დიდ წილს სახელმწიფო იხდის და ეს დიდი შეღავათია. თუმცა ეს ჩემ შემთხვევაში მოხდა და არიან პაციენტები, რომელთა დიაგნოზიც უფრო ძვირადღირებულ მკურნალობას მოითხოვს. მაგალითად იმუნოთერაპიის დროს სახელმწიფო დაფინანსება 2-3 გადასხმას თუ ჰყოფნის. ამიტომ დაფინანსება აუცილებლად ინდივიდუალურად, კიბოს სახეობის მიხედვით უნდა განისაზღვროს,“ – აღნიშნა თიკომ.

ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის დაფინანსება იყო ერთერთი საკითხი, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი თებერვლის ბოლოს, საპარლამენტო კომიტეტის წინაშე ანგარიშის ჩაბარების დროს შეეხო. ეს საკითხი მინისტრის წინაშე პარლამენტარმა ირმა ზავრადაშვილმა დასვა.

„ყოველ წელს დაახლოებით 10 ათასი ახალი შემთხვევაა. ვიცით, რომ ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ გვრჩება ცალკეული რგოლები, რომლებიც შესავსებია, რათა ჯაჭვი მთლიანი იყოს. ეს არის ნაადრევ დიაგნოსტიკასთან მიმართებაში და იმუნოთერაპიის იმ ნაწილში, სადაც რთული სიმსივნეებია. ამათი დაფინანსება არ არის საკმარისი და მინიმალურია. მე ვიცი, რომ თქვენი სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობს და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. უბრალოდ მინდოდა, რა დროში იქნება ეს გაწერილი და რა ეტაპებს გაივლის თუნდაც პირდაპირ შემსყიდველებთან ურთიერთობისთვის, რადგან ეს ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემას მოაგვარებს,“ – განაცხადა ზავრადაშვილმა.

პასუხად მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს. ირმა ზავრადაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით jandacva.ge-ს მინისტრის გამოსვლიდან ერთი თვის თავზე განუცხადა, რომ მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, არის კომუნიკაცია როგორც მინისტრთან, ისე მის მოადგილესთან.

ირმა ზავრადაშვილის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა საკითხის გააქტიურება პირადად ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან.

 

ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ონკოლოგიური მედიკამენტების დაფინანსების ლიმიტი უნდა მოიხსნას, თუმცა ამისთვის საჭიროა, გამოირიცხოს წამლებზე ფასების ხელოვნური ზრდა, რათა სახელმწიფოს ზედმეტი თანხების გადახდა არ მოუწიოს.

მედიკამენტების გაიაფების ერთერთ ეფექტიან მექანიზმად მინისტრი მწარმოებელთან პირდაპირ მოლაპარაკებებს მიიჩნევს.

ზურაბ აზარაშვილმა ერთერთი ტელეეთერით გამოსვლისას ამ კონტექსტში საუბარი რეფერენტული ფასებით დაიწყო, რომელმაც, მისი თქმით, ქრონიკული მედიკამენტების შემთხვევაში, 1100 პრეპარატზე ფასები 40%-ით გააიაფა. ამ წამლების დიდ ნაწილს კი სახელმწიფო 300 ათას მოქალაქეს სხვადასხვა ლიმიტით უფინანსებს. 40%-იანმა გაიაფებამ კი სახელმწიფოს შესაძლებლობა მისცა, კიდევ უფრო გაეზარდა მოცვა და თუ მანამდე ამ ადამიანებს ლიმიტი რამდენიმე თვეში ეწურებოდათ, ახლა ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია, სრულად დააფინანსოს მათი საჭიროებები მთელი წლის განმავლობაში.

„რაც შეეხება ონკოლოგიურ მედიკამენტებს, მათ შემთხვევაში რეკომენდაციაა, რომ მწარმოებლებთან პირდაპირ მოხდეს სამინისტროს მხრიდან მოლაპარაკებები და მიღწეულ იქნას, რომ მნიშვნელოვანი ფასდაკლება გაუკეთონ სახელმწიფოს და პირდაპირ დავდოთ კონტრაქტები. ამ მხრივაც უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები. დაახლოებით 80 დასახელების მედიკამენტია და წლის განმავლობაში 90 მილიონ ლარს ვხარჯავთ ამ მიმართულებით, მაგრამ  ეს უკვე პრინციპულად ცვლის ამ მიდგომას – ამ მედიკამენტების 10-მდე მწარმოებელია და უკვე ინდივიდუალურად გვიწევს პირდაპირ მწარმოებელ ქარხნებთან, მსხვილ მწარმოებლებთან შეთანხმება და ეს მედიკამენტები ძალიან მალე ქვეყანაში შემოვა პირდაპირ მწარმოებლიდან და ჩვენ შეგვეძლება გადავიხადოთ მნიშვნელოვნად შემცირებული თანხები და სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, როგორც ქრონიკული მედიკამენტების შემთხვევაში, ასევე ონკოლოგიური მედიკამენტების შემთხვევაში სრულად დავაფინანსოთ ონკოლოგიური პაციენტების მთელი წლის საჭიროება. შესაბამისად, ის პრობლემები, რომელიც ლიმიტის ამოწურვას ეხებოდა, ამ მიმართულებით მოიხსნას და საერთოდ ლიმიტის მოხსნაზეც გვაქვს საუბარი,“ – განაცხადა მინისტრმა. თუმცა ვადები, რომელშიც ეს მოხდება და შედეგად, პაციენტები მიიღებენ ძვირადღირებულ მკურნალობას, არ სახელდება.

ძუძუს კიბოს მქონე პაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოში“, რომელიც წლებია, ონკოპაციენტების სრულად დაფინანსებისთვის იბრძვის, ამბობენ, რომ ამ რთული დაავადების მქონე პაციენტებისთვის ყოველ დღეს მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ცვლილებები რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.

ორგანიზაციის ინიციატივით ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობის სრული და თანაბარი ხელმისაწვდომის მხარდამჭერი ონლან პეტიცია შეიმუშავა, რომელიც, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ჯანდაცვის სამინისტროს, საპარლამენტო კომიტეტს და მთავრობის ადმინისტრაციას გადაუგზავნეს. 4 თებერვალს, კიბოს მსოფლიო დღეს პაციენტებმა, ონკოლოგებმა და ექსპერტებმა ღონისძიებააში მიიღეს მონაწილება, რომელშიც პარლამენტის და თბილისის მერიის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიებაზე პარლამენტარმა ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა, რომ დასმულ საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობა დაწყებული აქვს.

„ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი ამბობს, რომ საკითხის გადაწყვეტას არ სჭირდება დიდი დრო, რადგან პაციენტების დიდ ნაწილს 25 ათასი ლარი არ სჭირდება და მათი ლიმიტებიდან დარჩენილი თანხა შეიძლება სხვა პაციენტებზე გადანაწილდეს, რომლებსაც რთული სახეობის სიმსივნე აქვთ და უფრო ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროებათ.

„მე ყოველდღე მაქვს ამ პაციენტებთან შეხება და მათთვის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, ჩვენს მიმართვაზე გამხმაურება არ ყოფილა, ამიტომ ვფიქრობთ, ისევ აქციების ფორმით შევახსენოთ ხელისუფლებას ჩვენი პრობლემები. ბრძოლას არ ვწყვეტთ. საკითხის მოგვარებას არ სჭირდება დიდი დრო, რადგან ფიქსირებული დაფინანსება ისედაც არსებობს და ამ დაფინანსენის ფარგლებში შეიძლება ფინანსების მოძიება რთული დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის,“ – აღნიშნა ანა მაზანიშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ იგეგმება ონკოპაციენტების მკურნალბისთვის გამოყოფილი ლიმიტის მოხსნა, დადებითი ცვლილებების იმედს იძლევა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ არაერთი ონკოპაციენტისთვის მკურნალობის ლოდინში დაკარგული თითოეული დღე გამოჯანმრთელების, ზოგ შემთხვევაში კი გადარჩენის მორიგი დაკარგული შანსია.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …