წელს პედიატრიულ კლინიკებში მომართვიანობამ განსაკუთრებით იმატა, რადგან რამდენიმე ვირუსი ერთდროულად ცირკულირებს. ამის შესახებ ციციშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მომართვიანობის 50% რინოვირუსებზე მოდის, შემდეგაა რესპირატორულ-სინსიტიალური ვირუსი და კორონავირუსი, რომლის წილიც 20%-ია.
ჩხაიძის ინფორმაციით, ასევე ცირკულირებს გრიპის H3N2 (ჰონგკონგის), თუმცა მისი გავრცელება მასობრივი არაა.
„ბავშვებში უფრო მეტია ავადობა, რადგან გახსნილია სკოლები და ბაღები და ნიღბის ტარების კულტურა, სამწუხაროდ, აღარ არსებობს. ამან განაპირობა, რომ შემთხვევების რაოდენობამ იმატა და დეკემბერ-იანვარში მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო მოიმატებს,“- განაცხადა მაია ჩხაიძემ.
მან ყურადღება გაამახვილა კორონავირუსზეც, რომელიც, პედიატრის თქმით, არაა მარტივი ინფექცია და მისი გადატანის შემდეგ ადამიანების ორგანიზმში იმუნიტეტის დეფიციტი დარჩა. შესაბამისად, ავადობა უფრო მაღალია.
მაია ჩხაიძის განცხადებით, შეუპოვარი ცხელების გამო, რომელიც ზოგ შემთხვევაში ბინაზე ვერ იმართება, მშობლები შეშინებულები არიან, თუმცა ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა ძირითადად წლამდე და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში დგება, რადგან რესპირატორულ-სინსიტიალური ვირუსი სწორედ მცირე ასაკში იწვევს ბრონხიოლიტს. მოზრდილ ბავშვებში კი საგანგაშო არაა და ამიტომ არ არის აუცილებელი, მშობლებმა პირველივე დღეს მიმართონ კლინიკებს. ჩხაიძე ამბობს, რომ უფრო უპრიანია ამბულატორიისადმი მიმართვა.
მთავარი რეკომენდაცია კი ავადობის პერიოდში ბავშვისთვის სითხისა და ელექტროლიტების, ასევე სიმპტომური (ხველის, ყელის ტკივილის) მედიკამენტების მიცემაა.
ციციშვილის კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, ბევრ მშობელს გონია, რომ თუ ბავშვს ვიტამინებს მისცემს, ის მოძლიერდება, მაგრამ, მისივე შეფასებით, ეს არაა რეალობა. მისი განმარტებით, ვიტამინების წყარო ცოცხალი ბოსტნეული და ხილია, ზამთარში კი, როცა ამის შესაძლებლობა არაა, დასაშვებია ვიტამინების მიცემა, თუმცა ეს ხდება არა იმუნიტეტის გაძლიერების მიზნით, არამედ არასრულფასოვანი კვების შემთხვევაში.
„მედიცინაში იმუნიტეტის გამაძლიერებელი პირდაპირი მოქმედების მედიკამენტი არ არსებობს,“ – განაცხადა მაია ჩხაიძემ და ასევე ხაზი გაუსვა აცრის დამცველობით ეფექტს. შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბრამდე ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოა.