მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ნანა გელაძე: დაავადების საწყისი ეტაპის მკურნალობა გაცილებით იაფია
ნანა გელაძე მიიჩნევს, რომ დღეს პირველადი ჯანდაცვის რგოლი არ არის სათანადო დონეზე და მიესალმება, თუ სახელმწიფო მეტ ყურადღებას გამოიჩენს ამ მიმართულებით.

ნანა გელაძე: დაავადების საწყისი ეტაპის მკურნალობა გაცილებით იაფია

დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკა არის ის მექანიზმი, რითაც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ჯანდაცვაზე გამოყოფილი ხარჯები იზოგება.

პრევენციული მედიცინა, რომელიც პირველადი ჯანდაცვის რგოლის კომპეტენციაა, მეტად ხარჯთეფექტურია.

პროფესორი, ბავშვთა ნევროპათოლოგი ნანა გელაძე გვესაუბრა პრევენციული და პფორილაქტიკური მედიცინის დადებით მხარეებზე:

„ჯანდაცვის რგოლში პრევენცია და პროფილაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, პრევენციით ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ძალიან ბევრი სერიოზული პათოლოგია, რომლებიც პირველ ხანებში კლინიკურად არ გამოვლინდება, თუმცა გარკვეული პარაკლინიკური კვლევით ექიმი მიხვდება, რომ შეიძლება დაიწყოს სერიოზული პათოლოგია.

მეორე, თუ საქმე ეხება განსაკუთრებით ბავშვებს და მოზარდებს, სქესობრივი მომწიფების ასაკში შეიძლება გამოვლინდეს უამრავი გვერდითი სინდრომი, რომლებიც დროულ კორექციას საჭიროებენ. პრაქტიკულად, 90-95% შემთხვევაში, დროული ჩარევა არის გამოჯანმრთელების მთავარი გარანტი. ეს ეხება არა მხოლოდ ინფექციას ან ნევროლოგიურ პრობლემებს, არამედ, ონკოლოგიასაც.

ჩვენ ხშირად ვაძაგებთ ხოლმე წარსულს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ნამდვილად ძალიან კარგი იყო, როდესაც კომუნისტების დროს მოსახლეობა ვალდებული იყო, წელიწადში ერთხელ მაინც გაეკეთებინა პირველადი გამოკვლევები.

პრევენცია აუცილებელია, განსაკუთრებით, ბავშვთა ნევროლოგიაში, რადგან ზოგიერთი პათოლოგია არ გამოვლინდება პირველსავე თვეებში. დედები ვერ ამჩნევენ მას და ასეთ დროს გამოცდილი ექიმის კონსულტაცია გარანტიაა იმისა, რომ დროულად ჩატარდეს კვლევაც და დაისვას დიაგნოზი.

პრაგმატულად რომ მივუდგეთ, გაცილებით იაფი ჯდება დაავადების საწყისი ეტაპის მკურნალობა. გართულებული ავადობის განკურნება გაცილებით რთულია, ვიდრე საწყის ეტაპზე“.

ნანა გელაძე მიიჩნევს, რომ დღეს პირველადი ჯანდაცვის რგოლი არ არის სათანადო დონეზე და მიესალმება, თუ სახელმწიფო მეტ ყურადღებას გამოიჩენს ამ მიმართულებით:

ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ სახელმწიფოს მხრიდან პირველად ჯანდაცვას მეტი ყურადღება მიექცევა. მე მიწევს იმ კონტიგენტთან მუშაობა, რომელიც უნდა მივიდეს პოლიკლინიკაში და ჩაიტაროს პირველადი გამოკლვევები და მხოლოდ ამის შემდეგ გახდეს ნევროლოგის პაციენტი.

ძალიან ხშირად კი ისეთი ჩივილებით მომმართავენ, რომელიც ნამდვილად არ არის ჩემი კომპეტენცია, რადგან აბსოლუტურად ელემენტარული ჩივილები აქვთ. ეს ხდება სწორედ იმიტომ, რომ  პირველადი რგოლი არ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა“.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …