მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » მზადაა თუ არა საქართველო ბავშვებში ახალი ფორმის ჰეპატიტის სამართავად?

მზადაა თუ არა საქართველო ბავშვებში ახალი ფორმის ჰეპატიტის სამართავად?

გასული წლის პირველი ოქტომბრიდან, როცა აშშ-ში აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, დღემდე მსოფლიოში ამ დაავადების 450 ფაქტია აღრიცხული და ის 25 ქვეყანაში გამოვლინდა. ამის შესახებ იაშვილის პედიატრიული კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მეტი ასეთი შემთხვევა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა. მათ შორის არის გარდაცვალების და მძიმე მიმდინარეობის ფაქტებიც, როცა საჭირო გახდა ღვიძლის გადანერგვა. ჩხაიძის ინფორმაციით, ღვიძლის მწვავე ანთება ძირითადად ბავშვებს ემართება, რომელთა საშუალო ასაკი 5 წელს ქვემოთაა.

ამასთან, როგორც ექიმი განმარტავს, არცერთი შემთხვევა არაა კლასიკური ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული – 74%  შემთხვევაში მიზეზად ადენოვირუსი დასახელდა, 20%-ში კი ნანახია კორონავირუსით ინფიცირება. თუმცა პასუხი კითხვაზე, რა იწვევს ამ ახალ დაავადებას, არ არსებობს. ერთერი ვერსიით ესაა ადენოვირუსი, რომელმაც მუტაცია განიცადა და თუ ის ზოგადად არ განიხილება ღვიძლის დამაზიანებლად, ამ შემთხვევაში გახდა ვირულენტური და დაიწყო მოქმედება ღვიძლის წინააღმდეგ. არსებობს ვერსია, რომ დაავადება განვითარდა გადატანილი კორონავირუსის ფონზე, რომელმაც შეცვალა ორგანიზმის იმუნური პასუხი, ამ პირობებში კი ადენოვირუსმა ღვიძლის დაზიანება გამოიწვია. ივანე ჩხაიძის თქმით, ასევე არის ვერსია, რომ ესაა ბავშვების ინფიცირების ორწლიანი „წყნარი“ პერიოდის შემდეგ შექმნილი რეალობა, რამაც შეამცირა მათი იმუნური სისტემის ხარისხი.

იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელის განმარტებით, ამ დრომდე აღნიშნულ დაავადებასთან დაკავშირებით კვლევები სრული მოცულობით ჩატარებული არ არის.

ჩხაიძის თქმით, ახალი დაავადების გამოვლენის პიკი აპრილში იყო, რის შემდეგაც შემთხვევების რაოდენობამ შემცირება დაიწყო. მისივე განმარტებით, ოქტომბრიდან დღემდე მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 25 ქვეყანაში 450 შემთხვევის გამოვლენა დაბალი მაჩვენებელია და აფეთქების საშიშროება, ამ მონაცემებით არ დგას.

რაც შეეხება საქართველოს, ივანე ჩხაიძის თქმით, ასეთი ტიპის ჰეპატიტი აქ არ დაფიქსირებულა. კითხვაზე – არის თუ არა ქვეყანა მზად ამ დაავადების მქონე ბავშვების სამართავად, მედიკოსის თქმით, მის მართვას უმრავლეს შემთხვევაში განსაკუთრებული მედიკამენტი არ სჭირდება. რაც შეეხება იმას, თუკი დადგება ღვიძლის გადანერგვის აუცილებლობა,  აქვს თუ არა ქვეყანას ასეთი ოპერაციის გაკეთების შესაძლებლობა, პედიატრი ამბობს, რომ ამ კუთხით პრობლემები არსებობს, თუმცა ღვიძლის ტრანსპლანტაცია შესაძლებელი იქნება.

„უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერჯერობით საქართველოში ღვიძლის გადანერგვის საკითხი არ არის ის თემა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ ქვეყანას შეუძლია მთლიანად უზრუნველყოფა, თუმცა მრავალი წელია მიმდინარეობს ტრანსპლანტაცია მოზარდებსა და ბავშვებშიც. ბევრი შემთხვევა გვაქვს წარმატებული ტრანსპლანტაციის. ერთი ხელისშემშლელია ასაკი – 5 წლამდე ასაკის ბავშვებში საქართველოში ეს პრაქტიკა ასეთი გავრცელებული არ არის. თუ იქნება აუცილებელი ამის გაკეთება, გვაქვს საფუძველი, ბავშვის შეფასება და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით ტრანსპლანტაცია საქართველოში ჩავატაროთ,“- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …