მურმან დუმბაძე: პრევენციის წინ წამოწევა ჯანდაცვის სისტემაში წინ გადადგმული ნაბიჯია. პირველადი ჯანდაცვის რგოლში მიმდინარე რეფორმას პარლამენტის წევრი მურმან დუმბაძე გამოეხმაურა.
მისი აზრით, პრევენციული მედიცინის განვითარება პაციენტთა რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს.
„დღევანდელი ხელისუფლების მიერ ჯანდაცვის სისტემის განვითარება მხოლოდ მისასალმებელია. ყველაზე წარმატებულად და მნიშვნელოვნად მიმაჩნია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.
ის ფაქტი, რომ მოსახლეობა უფასო სამედიცინო დახმარებას იღებს, მისასალმებელია. მგონია, რომ სოფელში, დაბაში, რაიონში და დედაქალაქში სხვადასხვა მიმართულებით უნდა წარიმართოს ჯანდაცვა.
მაგალითად, სასოფლო ამბულატორიები უნდა არსებობდეს და ასევე, სამეანო პუნქტები. თუ რაიონებს შევეხებით, უნდა იყოს მრავალპროფილიანი პოლიკლინიკები და სამშობიარო განყოფილება.
რეგიონში უნდა იყოს რეგიონალური საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები. სამედიცინო დახმარების სხვადასხვა დონე უნდა იყოს რეგიონალური მდებარეობის მიხედვით. ეს არის ჩემი სტრატეგია და მიდგომა ამ საკითხისადმი“, –აცხადებს მურმან დუმბაძე.
მისი აზრით, ჯანდაცვის სამინისტრომ და იმ ადამიანებმა, რომელიც რეფორმაზე მუშაობენ, დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ სწორედ პრევენციულ მედიცინას.
„პირველადი რგოლის გამართულმა მუშაობამ და პრევენციულმა ღონისძიებებმა დამძიმებულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობა უნდა შეამციროს. მოსახლეობას კი უკეთ უნდა აუხსნან, რა არის პრევენციული მედიცინა, რატომ არის ის მნიშვნელოვანი. ამ მიმართულებით წასვლა კი სწორ სტრატეგიულ კურსად მიმაჩნია“, – ამბობს დუმბაძემ.
პირველადი ჯანდაცვის რეფორმა C ჰეპატიტის ელიმინაციისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების პარალელურად განხორციელდება და მასზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ იმუშავებს.