მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » მთავრობამ საახალწლო ღონისძიებები დაუშვა, ეპიდემიოლოგები კი მოსახლეობას მათში მონაწილეობისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებენ

მთავრობამ საახალწლო ღონისძიებები დაუშვა, ეპიდემიოლოგები კი მოსახლეობას მათში მონაწილეობისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებენ

იმ ფონზე, როდესაც მთავრობამ რესტორნებსა და სასტუმროებს, რომელთა ყველა თანამშრომელი და სტუმარი მწვანე სტატუსის მფლობელია, 15 იანვრამდე საახალწლო ღონისძიებების გამართვის უფლება  მისცა, ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ახალი წლის მოკრძალებულად, ოჯახის წრეში აღნიშვნას ურჩევენ. მართალია, ეპიდსიტუაცია ბოლო პერიოდში დასტაბილურდა, თუმცა სპეციალისტები უახლოეს კვირებში ამ შტამის შიდა გავრცელებას ელოდებიან, რასაც, მათივე პროგნოზით, შემთხვევების მკვეთრი ზრდა მოჰყვება. სწორედ ამ მოლოდინს ეფუძნება მოსახლეობისადმი გაცემული რეკომენდაცია, შარშანდელი წლის მსგავსად, მოერიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, განსაკუთრებით – დახურულ სივრცეებში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მიუხედავად არსებული ცნობებისა ომიკრონის მსუბუქად მიმდინარეობის შესახებ, არსებობს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევების მატების მაღალი რისკები.

ომიკრონი გვაცდის, რომ ახალი წელი აღვნიშნოთ, თუმცა ძალიან სწრაფად გავრცელდება, როგორც კი ქვეყანაში შიდა გადაცემა დაიწყება. მაქსიმალურად ვეცადოთ ვიწრო წრეში შევხვდეთ ახალ წელს, აუცილებლად გვქონდეს პირბადე, სადაც არის უცხო ადამიანებთან შეხვედრის ალბათობა. პირველი და ძირითადია, რომ ვიყოთ აცრილები! წარმოიდგინეთ, რა დატვირთვა იქნება კლინიკებზე, თუ დაავადდება ყველა ის ადამიანი,  ვისაც არ გადაუტანია ინფექცია ან არ არის აცრილი, ეს კი მილიონამდე ჩვენი მოქალაქეა.

დღეს თუ კლინიკაში გადაყვანა ინფიცირებულების 10%-ს სჭირდება, ერთ პროცენტსაც რომ დასჭირდეს ჰოსპიტალიზაცია, წარმოიდგინეთ სამედიცინო დაწესებულებებზე რა დატვირთვა იქნება და სამწუხაროდ, როგორი იქნება დაღუპულთა რაოდენობა,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …