საქართველოს მთავრობამ არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგია 2023 – 2030 და 2023 − 2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ არაგადამდები დაავადებები საქართველოში ავადობის, შრომისუუნარობისა და სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია და ქვეყანაში საერთო ავადობის არანაკლებ ¾ და სიკვდილიანობის 94% არაგადამდებ დაავადებებზე მოდის. არაგადამდები დაავადებები ნაადრევი სიკვდილიანობის მთავარი მიზეზიცაა.
დოკუმენტის თანახმად, არაგადამდები დაავადებების კუთხით საქართველო დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება, ასევე მარილის ჭარბად მიღება, არაჯანსაღი კვება, ჰოპოდინამია ანუ დაბალი ფიზიკური აქტივობა, ჰაერის დაბინძურება.
სტრატეგიის მიზნად სახელდება არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული ავადობით, სიკვდილიანობითა და შეზღუდული შესაძლებლობებით გამოწვეული მართვადი და თავიდან აცილებადი ტვირთის შემცირება ეროვნულ დონეზე.
აღნიშნული სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, 2030 წლისთვის დასახულია შემდეგი სამიზნეები:
არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის შემთხვევების შემცირება:
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის 8%-ით შემცირება;
ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის 3%-ით შემცირება;
დიაბეტით გამოწვეული სიკვდილიანობის 8%-ით შემცირება;
ქრონიკული რესპირატორული დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის 8%-ით შემცირება.
დაგეგმილია შემდეგი კვლევების ჩატარება: თამბაქოს გლობალური კვლევის ზრდასრულებში და მოზარდებში, არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების STEPS კვლევა ჯანმო-ს ტექნიკური და ფინანსური დახმარებით; ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკების მოხმარების ევროპის სასკოლო კვლევ. ჯანმოსთან თანამშრომლობით, განხორციელდება ბავშვთა სიმსუქნის ეპიდზედამხედველობის კვლევა და ქუჩის კვების გარემოს აღწერა.
დოკუმენტის თანახმად, შემუშავდება ფიზიკური აქტივობის 2024-2030 წლების სტრატეგია, ასევე ჩამოყალიბდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევი მთავარი რისკ-ფაქტორის – მარილის ჭარბი მოხმარების საწინააღმდეგო მრავალსექტორული სამუშაო ჯგუფი და მოხდება მარილის მოხმარების შემცირების ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება.
დაიწყება სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ფიზიკური აქტივობის კომპონენტის სრული რეალიზაციის, გაკვეთილებს შორის და სკოლის გარეშე პერიოდში ფიზიკური აქტივობის და სპორტში ჩართვის საშუალებებზე და გარემოზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ღონისძიებების შემუშავება.
ალკოჰოლის მოხმარების პრევენციისთვის დაგეგმილია მარკეტინგული პოლიტიკის გამკაცრების, ასევე ნასვამ მდგომარეობაში ავტოტრანსპორტის მართვის აკრძალვაზე კანონის აღსრულების მექანიზმების შემუშავება. დაიწყება მუშაობა სასმელების მოხმარებისა და შეძენის დასაშვები, მინიმალური ასაკის დადგენისა და გაკონტროლების ღონისძიების შემუშავებაზე.
დაიწყება არაჯანსაღი საკვები პროდუქტების (ნაჯერი ცხიმები, ტრანსცხიმები, ჭარბი მარილისა და შაქრის შემცველი, ტკბილი გაზიანი სასმელები) ნებისმიერი სახის მარკეტინგისგან ბავშვების დაცვის ღონისძიებების შემუშავება.
სტრატეგიაში ასევე საუბარია სიმსივნეების სკრინინგის გაძლიერებაზე,
დოკუმენტის თანახმად, შეიქმნება სუიციდის პრევენციის წინააღმდეგ მიმართული პროგრამები, განხორციელდება პროფესიონალების გადამზადება, რომელთაც შესაძლოა შეხება ჰქონდეთ სუიციდის მომატებული რისკის მქონე პირებთან, განსაკუთრებით მოზარდებთან/ახალგაზრდებთან.
სტრატეგიის საპროგნოზო ბიუჯეტი შეადგენს 6.4 მლნ ლარს, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება 0.7 მლნ ლარი (10%), საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ 5,1 მლნ ლარი (77%), ხოლო 0.9 მლნ ლარი (13%) წარმოადგენს არასაკმარის რესურსს.