საქართველოში „საქართველოში SARS-CoV-2-ისა და ვირუსული B და C ჰეპატიტების სეროპრევალენტობისა და რისკის ფაქტორების პოპულაციური კვლევის“ საველე სამუშაოები იწყება. კვლევის მიზანია დადგინდეს, რამდენ ადამიანს აქვს გადატანილი ან აქვს აქტიური ფორმით COVID 19, ვირუსული B და C ჰეპატიტები.
კვლევა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მიერ ფინანსდება.
კვლევა 2021 წლის ივნისის ბოლოს დაიწყება და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. 16-20 ივნისს CDC-ისა და NCDC-ის თანამშრომლების მიერ საველე და ლაბორატორიული ჯგუფებისათვის კვლევის დიზაინისა და მეთოდოლოგიის შესახებ ხუთდღიანი პრაქტიკული ტრენინგი და, ასევე, საცდელი საველე სამუშაო ჩატარდა.
აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყანაში შემთხვევითობის მეთოდით შერჩეულ მისამართებზე მცხოვრები 5-17 წლის ბავშვები და 18 წლის ან მეტი ასაკის მოზრდილი მოსახლეობა. ეპიდემიოლოგები კვლევაში შერჩეულ პირებთან ჩაატარებენ ინტერვიუს კითხვარის მეშვეობით. იმავე პირებს ჩაუტარდებათ სისხლის ლაბორატორიული ტესტირება სამ ვირუსულ ინფექციაზე (SARS-CoV-2, ვირუსული B და C ჰეპატიტები). აღნიშნული ლაბორატორიული კვლევებით დადგინდება გადატანილი და/ან მიმდინარე ინფექციების არსებობა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2015 წელს, ქვეყნის მასშტაბით, B და C ჰეპატიტების გავრცელების ტვირთის დასადგენად საქართველოში პირველად ჩატარდა ეროვნული სეროპრევალენტობის კვლევა მოზრდილ მოსახლეობაში. გამოვლინდა, რომ საქართველოში 150 000 ადამიანს (მოზრდილი მოსახლეობის 5,4%) აქვს აქტიური C ჰეპატიტი და საჭიროებდა მკურნალობას. კვლევის შედეგების საფუძველზე, 2015 წელს შემუშავდა 2016-2020 წლების C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სტრატეგია და ეროვნული პროგრამა, რომლის მიზნად 2020 წლისთვის C ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციის 90%-ით შემცირება იქნა დასახული.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია C ჰეპატიტის ელიმინაციის კუთხით. უახლესი მონაცემებით, C ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარებული აქვს საქართველოს 2.5 მილიონ მოქალაქეს. ქრონიკული ინფექცია დაუდასტურდა 115 000-მდე პირს. მათგან, C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში ჩაერთო 74 000-ზე მეტი. განკურნების მაჩვენებელმა 99%-ს მიაღწია,“ – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.
მათივე ინფორმაციით, 2019 წელს ღვიძლის შემსწავლელი ევროპული ასოციაციის (EASL) მიერ საქართველოს მიენიჭა ვირუსულ ჰეპატიტებთან ბრძოლის სანიმუშო ქვეყნის საპატიო ტიტული.
„ფართომასშტაბიან სკრინინგს, ტესტირებას და ხელმისაწვდომ მკურნალობას მნიშვნელოვნად უნდა შეემცირებინა ქრონიკული ინფექციის გავრცელება ქვეყანაში, რისი დადასტურებაც სწორედ აღნიშნული კვლევის შედეგებით გახდება შესაძლებელი. კვლევა საშუალებას მოგვცემს, შევაფასოთ საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული პროგრამის პროგრესი. კვლევის მიზანია აგრეთვე გამოავლინოს, მიაღწია თუ არა ქვეყანამ B ჰეპატიტის იმუნიზაციის ჯანმო-ს მიერ დადგენილ სამიზნეებს და შეაფასოს B ჰეპატიტის ვაქცინაციის პროგრამა საქართველოში. საქართველოში SARS-CoV-2-ის პირველი დადასტურებული შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ქვეყანა ინტენსიურად ახორციელებს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო და საკონტროლო ღონისძიებებს, აფართოებს ტესტირების ფარგლებს, უზრუნველყოფს ტესტების ხარისხის მონიტორინგს და იკვლევს ყველა დადასტურებულ შემთხვევას. სეროპრევალენტობის კვლევის მიზანია, უზრუნველყოს მოსახლეობაში ინფექციის გავრცელების სრულყოფილი შეფასება მთელი ქვეყნის მასშტაბით,“ – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.