სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან, 2014 წლის 1 ივნისიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ჯამში 23 853 655 ლარი იქნა მობილიზებული, რაც სიმსივნით დაავადებული 911 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსებას მოხმარდა. 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ფონდში, შემოწირულობის სახით, ჩაირიცხა 1 807 036 ლარი
მონაცემებს ფონდის 2022 წლის ანგარიში შეიცავს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიღწევების მიუხედავად, ფონდში მზარდი მომართვიანობის გამო, მნიშვნელოვანია მეტი თანხის მობილიზება, რათა არც ერთი საჭიროების მქონე ბავშვი არ დარჩეს დახმარების გარეშე.
ფონდი აფინანსებს იმ სამედიცინო სერვისებს, რომლებიც სრულად არ იფარება სახელმწიფო ან მუნიციპალური პროგრამებით, ასევე ჩარევები, რომლებიც არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში, რაზეც დასკვნა ექსპერტმა უნდა დადოს. არსებობის ისტორიაში ფონდმა დააფინანსა მკურნალობა აშშ-ში, ესპანეთში, თურქეთში, ავსტრიაში და სხვა ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ ფონდმა აფხაზეთში მცხოვრები 24 ონკოპაციენტის მკურნალობა დააფინანსა.
“საქართველოს სოლიდარობის ფონდი” 2014 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის განკარგულებით დაფუძნდა. ფონდის საქმიანობის მიზანია ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსებას საქართველოში და საზღვარგარეთ.