სკოლაში შეყვანამდე აუცილებელია, მშობელმა პირველკლასელი შვილი პედიატრს შეამოწმებინოს. შემოწმება უნდა მოიცავდეს როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე სკოლისთვის მზაობას – ამის შესახებ პედიატრმა, თსსუ პროფესორმა ნანუკა ყავლაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია შეფასდეს ბავშვის მხედველობაც, რადგან ხშირია, როცა სკოლაში წასვლამდე ამის კონტროლი არ ხდება და მხოლოდ სასწავლო პროცესში აღმოჩნდება, რომ მოსწავლე, რომელსაც მხედველობის პრობლემები აქვს, უკანა მერხზე მოხვდა.
ამასთან, პედიატრის თქმით, სასურველია, შემოწმდეს სმენაც. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს არ ესმის, მაგრამ შესაძლოა სმენის მცირედი დაქვეითება იყოს, რაც სკოლაში პრობლემებს ქმნის.
„უნდა გაისინჯოს ყველა ორგანო, შეფასდეს ტანადობა. ამის შემდეგ კი უნდა შევხედოთ იმუნიზაციის კალენდარს. ბავშვს ყველა აუცილებელი აცრა ჩატარებული უნდა ჰქონდეს, ხოლო თუ რომელიმე დაგვიანებულია, აუცილებლად უნდა „დავაწიოთ“ იგი, რადგან სკოლაში მას კოლექტივში უწევს ყოფნა, ბევრ ბავშვთანაა კონტაქტში და შესაძლოა ამ ბავშვებს შორის იყოს ბავშვი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემის გამო აცრა არ აქვს გაკეთებული. ამიტომ ასეთი ბავშვი უნდა დავიცვათ, რათა არ დაემართოს სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები. ამავე მიზეზით ოქტომბრის ბოლოსკენ გრიპის აცრაა აუცილებელი, რომელიც თავიდან აგვაცილებს ყველაზე მძიმე ვირუსულ დაავადებას,“ – აღნიშნა ნანუკა ყავლაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, მშობელმა არ უნდა დაუმალოს სკოლას, თუკი მის შვილს გარკვეული დაავადება სჭირს. მაგალითად ეს შეიძლება იყოს დიაბეტი ან ეპილეფსია, რომელმაც, რაც არ უნდა კონტროლირებადი იყოს მდგომარეობა, შესაძლოა უცბათ გამომჟღავნდეს და მასწავლებლისთვის ეს მოულოდნელი არ უნდა იყოს. მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოსწავლეს პირველადი დახმარება გაუწიოს, იცოდეს, ვის მიმართოს დახმარებისთვის, ასევე, ინგალატორის მოხმარების საჭიროების შემთხვევაში, იცოდეს მისი გამოყენება და დაეხმაროს ბავშვს.
„სტიგმის გამო ხდება ხოლმე ასეთი ინფორმაციის დამალვა. ეს კი ბავშვისთვის ბევრად უფრო საზიანოა, რადგან შეიძლება მას უცბათ დახმარება დასჭირდეს და გარშემომყოფები ამისთვის მზად არ იყვნენ. გარდა ამისა, შესაძლოა ბავშვს ჰქონდეს ალერგია მტვერზე. ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს მაგალითად ცურვაზე და არა დარბაზში ვარჯიშზე,“- განაცხადა პედიატრმა.