ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ კარდიოლოგი მერაბ ხვიჩია აცხადებს, რომ ჯანდაცვის რეფორმების განხორციელებით საქართველოს ამიერკავკასიაში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს.
„ის რომ ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა დაიგეგმა, ნამდვილად კარგია. ყველა ქვეყანამ ვერ შეძლო ამის გაკეთება. ძველი მეთოდი ეფუძნებოდა ეკონომიურ საწყისებს. ჩვენ ახალი ნამდვილად არაფერი მოგვიგონია, ეს ის რეფორმაა, რომელიც მსოფლიოში აპრობირებული და მიღებულია.
ჩვენ ამიერკავკასიაში ერთ–ერთი მოწინავე ადგილი გვიკავია ჯანდაცვის რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით.
7–10 წლით უკან ადამიანისთვის ელემენტარული გამოკვლევების ჩატარება, ექიმთან ვიზიტი და კიდევ უამრავი სხვა შეუძლებელი იყო. მხოლოდ საბჭოთა პერიოდ არ ვგულისხმობს, რადგან მაშინ სხვა მეთოდი იყო, ეს იყო ,,ისმარკის’’ საყოველთაო პროგრამა“, – აცხადებს ხვიჩია.
კარდიოლოგის თქმით, მედიკამენტებზე ფასების ზრდაზე ეროვნული ვალუტის დევალვაციამ იმოქმედა
„საქართველო ძალიან ცოტა მედიკამენტს აწარმოებს. წამლების ძირითადი ნაწილის შემოტანა ხდება სხვა ქვეყნებიდან. ლარის კურსის ვარდნის შედეგად მედიკამენტების ფასები საგრძნობლად გაგვიძვირდა. თუ ასე გაგრძელდა, მთავრობას ფული არ ეყოფა საავადმყოფოების მედიკამენტებით აღჭურვისათვის. ამიტომ ცოტა სხვანაირი მიდგომა უნდა მოხდეს საქმისადმი. პირველად დახმარებასა და სტაციონარს შორის უფრო მეტი სიმჭიდროვეა საჭირო“, – მიაჩნია ხვიჩიას.
მერაბ ხვიჩია აცხადებს, რომ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით საქართველსო ნეისმიერ მოქალქს შეუძლია სარგებლობა.
„რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, აიღეთ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც დაახლოებით ჩვენ დონეზეა. მაგალითად უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი… ჩამოთვლილ ქვეყნებში არსად არის ჯანდაცვის ისეთი ხელმისაწვდომობა, როგორიც ჩვენთანაა. იქ სამედიცინო მომსახურებაზე მაღალი ფასებია. ნახეთ რამხელა განსხვავებას იძლევა საქართველოს ფასებთან შედარებით. ჩვენი მხრიდან ეს ნამდვილად დიდი უპირატესობაა.
არც ერთი მთავრობის მეხოტბე არ ვიყავი და არც ვარ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ეს სამედიცინო რეფორმა ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია.
პირველადი ჯანდაცვის რგოლი გათვალისწინებულია იმისათვის, რომ დაადგინოს აქვს თუ არა ადამიანს პათოლოგია, გიპერტენზია, ასევე ინშემიური დაავადება, ყურის ანთება თუ სხვა. ამის შემდეგ უნდა მოხდეს პაციენტის გადამისამართება სპეციალისტთან. თუ მწვავე დაავადება გამოვლინდება, ამაში ჩაერთვება საყოველთაო ჯანდაცვა. ეს ჯანდაცვის პროგრამები საათივით აეწყო ერთმანეთს“,– მიაჩნია მედიკოსს.
მისი აზრით, მედიცინის პირველი პრინციპი არის პროფილაქტიკა.
„ქვეყნებში, სადაც მედიცინის მაღალი დონეა, პირველადი რგოლი არის ერთ–ერთი უმთავრესი. ასეა ბრიტანეთში, ამერიკაში და ასე შემდეგ. საფრანგეთსა და გერმანიაში ცოტა სხვაგვარი მიდგომაა, თუმცა იქაც არიან ოჯახის ექიმები. ამ ქვეყნებში ყველა ოჯახს ჰყავს თავისი პირადი ექიმი, რომელიც კონტროლს უწევს მათ ჯანმრთელობას.
მაგალითად, თუ ადამიანს აქვს წყლულოვანი დაავადება, ექიმი აკონტროლებს დაავადებას რათა არ განვითარდეს სისხლდენა. დავუშვათ ადამიანს აქვს იშემიური დაავადება, პირადი ექიმი აკონტროლებს, რომ არ განვითარდეს ინფარქტი. ამით იმის თქმა მინდა, რომ პროფილაქტიკა არის უმნიშვნელოვანესი.
ბევრმა არ იცის იმის შესახებ, თუ რა დაავადება აწუხებს. შეიძლება ერთხელ მივიდეს ადამიანი ექიმთან, ისიც შემთხვევით და აღმოაჩინოს, რომ რომელიმე ორგანოს ქრონიკული დაავადება აქვს. საქართველოში არ ხდება ადამიანების მხრიდან საკუთარი ჯანმრთელობის სისტემატური კონტროლი. ეს უკვე კულტურის საკითხია“.
ხვიჩიამ ჯანდაცვის პროგრამების ხარჯეფექტურობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რამდენად ხარჯეფექტური იქნება ჯანდაცვის სისტემა, როცა საქმე ადამიანის ჯამრთელობას ეხება და რომ ჯანდაცვა წმინდა ბიზნესი არაა, რომ მხოლოდ მოგებაზე იყოს გათვლილი.
„რაც შეეხება ხარჯეფექტურობას, ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, როცა საქმე ჯამრთელობას ეხება, აქ არ აქვს მნიშვნელობა ხარჯის მოცულობას. ხარჯეფექტურობაზე რაიმე განსაკუთრებულის თქმა არ შემიძლია, მაგრამ შემიძლია გითხათ, რომ ჯანდაცვის რეფორმებმა გამოიწვია ის, რომ ადამიანების სიკვდილიანობა ბოლო 5 წლის განმავლობაში 20%–ით შემცირდა. ჩვენზე უფრო მდიდარ ქვეყნებში ეს ვერ განახორციელეს სხვადასხვა მიზეზების გამო“, – აღნიშნავს ხვიჩია.