მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ვაქცინის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში, ვაქცინაციის პროცესის წახალისების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„მოგცემთ ფართო შესაძლებლობას ვაქცინის შერჩევისას და განსაკუთრებულ პირობებს, რომ მედიას არ ქონდეს შეფერხება რიგში დაყოვნების კუთხით,“ – განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, დეტალებზე ახლა მუშაობენ და სამინისტრო მედიასაშუალებებს ოფიციალური წერილით მიმართავს, რათა მიიღონ სიები, რომლითაც მედიასაშუალებების წარმომადგენლებს აცრიან.
წამყვანის კითხვაზე, აპირებს თუ არა ხელისუფლება აცრის წახალისების ისეთი ზომების მიღებას, როგორიც, მაგალითად სერბეთმა შემოიღო ვაქცინირებული ადამიანებისთვის 25 ევროს გადახდით, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ წახალისების გზებზე მუშაობა მიმდინარეობს. თუმცა, ეს იქნება 25 ევრო, ლარი თუ სხვა რამ, მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.