საქართველოს მხრიდან „მაიმუნის ყვავილის“ შესაძლო შემოსვლისთვის მზადყოფნა გამოხატული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ უკვე დაწყებული იქნებოდა ზრუნვა და მოლაპარალებები ვაქცინიების, საუკეთესო შემთხვევაშიკი მედიკამენტების შემოტანაზე. ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ინფექციის შემთხვევები უკვე ფიქსირდება მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის ჩეხეთში, სადაც საქართველოს ბევრი მოქალაქე მოგზაურობას გეგმავს.
მისივე თქმით, „მაიმუნის ყვავილისგან“ დაცვა ვაქცინაციით, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგაც შეიძლება და ასეთ შემთხვევაში ადამიანი დაცული იქნება დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან – მისი განმარტებით, შესაძლებელია ასევე კონტაქტიდან 4-დან 14 დღემდე პერიოდში აცრა, რომ დაავადება მსუბუქად წარიმართოს.
ვირუსის პანდემიურად გავრცელების შემთხვევაში კი, ბუწაშვილის თქმით, შეიძლება პროფილაქტიკური აცრების გაკეთება.
მაია ბუწაშვილის განმარტებით, არსებობს როგორც კლასიკური, ისე უშუალოდ მაიმუნის ყვავილის ვაქცინა, რომელიც 2019 წელს დარეგისტრირდა.
ასევე შექმნილია ანტივირუსული მედიკამენტები დასალევი ფორმით, ხოლო მათთვის, ვისაც ყლაპვის პრობლემა აქვს, არსებობს ვენაში გასაკეთებელი მედიკამენტიც, რომელიც რამდენიმე დღის წინ დარეგისტრირდა.
ინფექციონისტის განმარტებით, „მაიმუნის ყვავილი“ იწყება გრიპისმაგვარი სინდრომით – შემცივნებით, მაღალი ტემპერატურით, ლიმფური ჯირკვლების გადიდებით, რის შემდეგ, სამ დღეში ჩნდება გამონაყარი სახეზე და ვრცელდება მთელ სხეულზე. ამ დაავადებისთვის სპეციფიკურია გამონაყარი ხელის და ფეხის გულებზე. რისკჯგუფებად მიიჩნევიან ბავშვები და ორსულები და ინფექციის მთავარი სამიზნე ახალგაზრდა ასაკის ადამიანები არიან, რადგან 50 წელს ზემოთ მოსახლეობის ძირითად ნაწილს ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული აქვს.
ინფექციონისტი განმარტავს, რომ „მაიმუნის ყვავილს“ ჩუტყვავილასთან საერთო არაფერი აქვს და საწყის ეტაპზე ასეთი სახელწოდება არასწორად გავრცელედა. შესაბამისად არც ჩუტყვავილას აცრაა ეფექტიანი ამ ინფექციის წინააღმდეგ.
მაია ბუწაშვილის განცხადებით, მსოფლიოში ამ ეტაპზე „მაიმუნის ყვავილის“ 300-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა, მისივე თქმით, მაიმუნის ყვავილის არსებული შემთხვევების ფონზე ნაადრევია ვირუსის პანდემიურ გავრცელებაზე საუბარი, რადგან ის ბევრად რთულად ვრცელდება ვიდრე კორონავირუსი. ვირუსის გადადების ალბათობა იზრდება, როდესაც ჯანმრთელ ადამიანზე დაინფიცირებულის დიდი რაოდენობით წვეთები ხვდება. ასევე მაღალია ვირუსის სქესობრივი გზით გადადების რისკი. მაია ბუწაშვილის განცხადებით, გამოვლენილ ინფიცირებულთა დიდ რაოდენობას ბევრი პარტნიორი ჰყავს, დაავადებულებს შორის მაღალია ჰომოსექსუალური კონტაქტების მქონე ადამიანების რაოდენობა, ამიტომ მოსახლეობის ამ ჯგუფს სიფრთხილის ზომების მიღების აუცილებლობაზე განსაკუთრებით აფრთხილებენ.
jandacva.ge