მაღალ სიცხეებთან და საზღვაო სეზონის დაწყებასთან ერთად იმუნოლოგები მოსახლეობას მზის ალერგიის და დამწვრობების მაღალ საფრთხეებზე აფრთხილებენ. როგორც იმუნოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ნინო ლომიძემ განაცხადა, მართალია მზე ადამიანის განწყობაზე დადებითად მოქმედებს, თუმცა ასევე დაკავშირებულია მზის ალერგიის რისკებთან და ამიტომ ზომიერების დაცვაა საჭირო. მისი თქმით, მზის ალერგია ორგანიზმის იმუნიტეტის არანორმალური პასუხია მზის ულტრაიისფერ გამოსხივებაზე.
იმუნოლოგის განმარტებით, არსებობს სამი ტიპის ულტრაიისფერი სხივი a,b და c. აქედან პრობლემაა a და b, რადგან სწორედ a სხივია პასუხისმგებელი მზის ალერგიაზე, „ბე“ კი დამწვრობაზე. რისკფაქტორია თეთრი ფერის კანი, რომელიც რთულად ირუჯება, ასევე რისკის ქვეშ დგანან ადამიანები, რომლებსაც თეთრ კანთან ერთად ღია ფერის თმა აქვთ, მაღალია მზის ალერგიის განვითარების რისკი მშრალი კანის მქონე ადამიანებშიც.
ამასთან, ნინო ლომაძის განცხადებით, შეიძლება ადამიანი საერთოდ არ იყოს მიდრეკილი მზის ალერგიისკენ, მაგრამ მაინც განუვითარდეს ის და ამის მიზეზი იყოს ექიმის მიერ დანიშნული გარკვეული მედიკამენტების ჯგუფი, რომელიც მზის შთანთქმას აძლიერებს. მაგალითად, ტეტრაციკლინის ანტიბიოტიკი, ასევე ტკივილგამაყუჩებელი და ა.შ.
იმუნოლოგის განმარტებით, მზის ალერგიის განვითარებას ხელს უწყობენ მცენარეებიც, მათ შორის ლეღვის ნახარში, რომლის რძისებრი სითხე კანზე მოხვედრისას ულტრაიისფერ სხივებთან ერთად კანის ალერგიის გამომწვევი ფაქტორია.
ასევე ამ კუთხით საფრთხის შემცველია ციტრუსებრთა გვარის წარმომადგენელი ლაიმი, რომლის კანზე მოხვედრაც ზრდის მზის ალერგიის ალბათობას.
ნინო ლომიძის თქმით, მზის აბაზანების მიღება დაუშვებელია დილის 10 საათიდან 16:00-17:00 საათამდე პერიოდში, როდესაც მაღალია არა მხოლოდ მზის ალერგიის, არამედ კანის სხვადასხვა პრობლემის განვითარების ალბათობა.
ექიმი გვირჩევს, აქტიურად გამოვიყენოთ ქუდი და სათვალე და დავიცვათ უსაფრთხოების ყველა სხვა რეკომენდაცია, რათა ზაფხულისთვის დამახასიათებელი უსიამოვნებებისგან მაქსიმალურად დაცულები ვიყოთ.