ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ლაბორატორიის ექიმმა ლეილა ახვლედიანმა. ექიმის თქმით, მხოლოდ დრო აჩვენებს,თუ რამდენად წარმატებულად იმუშავებს რეფორმა.
„ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმასთან დაკავშირებით მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა ის, რომ ერთია დაწერო ფურცელზე და მეორეა განახორციელო. უნდა მივენდოთ დროს. მხოლოდ დროის ფაქტორზეა დამოკიდებული იმის გაგება, თუ როგორ იმუშავებს რეფორმა. ყოველშე მთხვევაში, მე ვიმედოვნებ, რომ იგი იქნება სასიკეთო შედეგების მომტანი“, – აცხადებს ახვლედიანი.
მისი თქმით რეფორმის წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, იქნება ამ რგოლში დასაქმებული მედიკოსებისთვის სახელფასო ანაზღაურების საკითხის სერიოზულად გადახედვა.
ლეილა ახვლედიანმა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამასთან დაკავშირებითაც გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, პროგრამა და მისი სოციალური ეფექტი დადებითად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ პროგრამასაც სჭირდება უკეთესი გათვლა.
„საყოველთაო პროგრამას არ უნდა ნიშნავდეს, რომ დავეხმაროთ მოსახლეობას მედ. პერსონალის ხარჯზე. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ მაგალითად, ლაპორატორიის თანამშრომლები ხელფასს საერთოდ ვერ იღებენ. კარგია, რომ პროგრამა უმწეოებს და არა მარტო მათ ეხმარება, მაგრამ ექიმებს შორისაც უამრავია, ვინც მხოლოდ სამსახურის იმედად არიან.
ასე, რომ ცოტა უკეთესი გათვლაა საჭირო. რასაც ხარჯავდა დაწესებულება ანალიზის გაკეთებაში, ის ნაზღაურდებოდა, დანარჩენი ყველაფერი იქ მყოფი ექიმების ხარჯზე იყო გადასული. მე მომხრე ვარ დახმარების, მაგრამ გარკვეულწილად მაინც გათვლაა საჭირო, რომ ერთი ადამიანის დახმარებით მეორე არ დაზარალდეს. უნდა შემუშავდეს რაიმე ოპტიმალური ვარიანტი“, – მიიჩნევს მედიკოსი.