მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ლაშა ჩხარტიშვილი ჯანდაცვის პირველად რგოლში დაგეგმილ რეფორმას ეხმაურება
ლაშა ჩხარტიშვილი ჯანდაცვის პირველად რგოლში დაგეგმილ რეფორმას ეხმაურება და მის აუცილებლობასა და იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ჯანდაცვის სისტემაშია.

ლაშა ჩხარტიშვილი ჯანდაცვის პირველად რგოლში დაგეგმილ რეფორმას ეხმაურება

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, ლაშა ჩხარტიშვილი ჯანდაცვის პირველად რგოლში დაგეგმილ რეფორმას ეხმაურება და მის აუცილებლობასა და იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ჯანდაცვის სისტემაშია. 

მისი თქმით, პირველადი ჯანდაცვის რგოლის აღდგენისა თუ გაძლიერების სურვილი მისასალმებელია.

„ეს რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, პრინციპული და უმთავრესი, რადგან ჯანდაცვის სისტემაში უმთავრესი რგოლი სწორედ პირველადი ჯანდაცვაა. რაც უფრო ადრე მოხდება დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა, მით უფრო დიდია ალბათობა სრული განკურნების.

კარგი იქნებოდა, უფრო მეტი საჯარო განხილვა იყოს ამ თემაზე, რადგან, ჯერ-ჯერობით სრულმასშტაბიანი პრეზენტაცია უნდა მოეწყოს იმ კონცეფციისა, რომლის მიხედვითაც მოიაზრებენ რეფორმის განხორციელებას. ფართო განხილვა უნდა მოხდეს დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით, იქნება ეს მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები თუ დარგის სპეციალისტები“, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.

მისივე თქმით, სისტემიდან აღარაფერია დარჩენილი, რადგან ხელაღებით მოხდა პირველადი ჯანდაცვის ობიექტების გასხვისება, შემდგომში უკვე, პროფილის და მიმართულების შეცვლით.

„ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი ამ კუთხით. კაპიკებში გაიყიდა ესა თუ ის კლინიკა, ხშირი იყო კორუფციული სქემებიც. საინტერესოა, რის ხარჯზე აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის სისტემის აღდგენას? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი.

ხომ არ აპირებენ უკანონოდ გასხვისებული კლინიკების დაბრუნების გზით მოახდინონ რეფორმის განხორციელება, რადგან ძალიან ძვირი დაჯდება ეს ყველაფერი? არა და, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს აუცილებელია. უბრალოდ, არის რესურსების პრობლემა და თუ ეს რესურსი გამოინახება, სხვაგან დაზოგავენ და პირველად ჯანდაცვაში ჩადებენ, ეს ყველაფერი გააიაფებს ჯანდაცვას“, – აცხადებს ჩხარტიშვილი. 

ჩხარტიშვილის მოსაზრებით, ზოგადად, პირველადი ჯანდაცვა უფრო იაფი ჯდება, რადგან, ერთი მხრივ, რაც უფრო ადრე ხდება დაავადების გამოვლენა და მის მიმდინარეობაში ჩარევა, მით მეტია შანსი გამოჯანმრთელების და მეორე მხრივ, უფრო იაფია მკურნალობა. 

„ზოგადად, ჯანდაცვის მიმართულებით შეიძლება დადებით ძვრებზე საუბარი. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. თითქმის ხელმიუწვდომელი იყო მოსახლეობის უმრავლესობისათვის ეს სისტემა წინა ხელისუფლების პირობებში. ახლა ეს პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებულია, თუმცა, ბევრი ხარვეზია სახეზე, მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის კუთხითაც. ეს პრობლემებია რიგები კლინიკებში, არასაკმარისი რაოდენობის ინფრასტრუქტურა, გარკვეული ტიპის მომსახურების მაინც ხელმიუწვდომლობა და ა.შ.

ძალიან ბევრი სამუშაო და საფიქრალია და მე, როგორც ულებადამცველი, სპეციალისტების მხრიდან მეტ ჩართულობას ვისურვებდი და, ასევე, გაბედულ ნაბიჯებს ანტიმონოპოლიური მიმართულებით. როცა სულ რაღაც ორ კომპანიას აქვს საავადმყოფოც, პოლიკლინიკაც და სადაზღვევო კომპანიაც, თან მათვე შემოაქვთ მედიკამენტები, სრულფასოვანი ჯანდაცვის სისტემის შექმნა, მათ შორის პირველადი რგოლისაც, შეუძლებელია. ეს ყოველივე დიდ დანაკარგს აძლევს სახელმწიფოს. ჩვენი, გადასახადების გადამხდელთა ფული უნდა იხარჯებოდეს ეფექტურად, რადგან ჯანდაცვა, საბოლოო ჯამში, ძვირადღირებული სიამოვნებაა“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …