ლანჩხუთში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პირებს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო დაწესებულება მიიღებს. კლინიკა, სათანადო სამედიცინო აპარატურით, „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისა“ და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით აღიჭურვა.
დიალიზის კაბინეტი ყოველდღიურად იმუშავებს და რეგიონში მცხოვრებ 15 ბენეფიციარს მოემსახურება. შესაბამისი გადამზადება გაიარა სამედიცინო პერსონალმა, კაბინეტის მუშაობაში ჩართულები არიან მოწვეული სპეციალისტები.
ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პაციენტებს აქამდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისის მისაღებად სხვადასხვა რეგიონში უწევდათ ჩასვლა. დღეიდან კი, ყველა მათგანს, ადგილობრივი სახელმწიფო კლინიკა გაუწევს მომსახურებას.
დიალიზის ახალგახსნილი კაბინეტი „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
“ჯანდაცვის უწყება რეგიონებში დიალიზის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით მუშაობას განაგრძობს. რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის ახალი კაბინეტების გახსნა ჯანდაცვის მინისტრმა 2022 წლის აპრილში დააანონსა. მესტიის, ამბროლაურისა და ლანჩხუთის შემდეგ დიალიზის სერვისი უახლოეს მომავალში ყაზბეგსა და თიანეთში ამოქმედდება,” – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.