საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალური ალიანსი“ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ჯანდაცვის სფეროს რეფორმებს ახორციელებს.
სოციალური კამპანია „რა გაწუხებთ?“ მათი ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მოსახლეობის გამოკითხვას გულისხმობს ჯანდაცვის სფეროში მათი საჭიროებების გამოვლენის მიზნით. 16 000-ზე მეტი ადამიანი უკვე გამოიკითხა ჯანდაცვის რეგიონულ ცენტრებში, ხოლო ვებ-გვერდზე www.1505.ge გამოკითხვა ისევ მიმდინარეობს.
გამოკითხვის შუალედური შედეგებიდან გამოიკვეთა, რომ მოსახლეობაში ყველაზე აქტუალური პრობლემებია პირველადი ჯანდაცვის რგოლის ნაკლებად გამართულად მუშაობა, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა. ექიმი–თერაპევტი ლალი ხუსკივაძე ჯანდაცვის სისტემაში პირველადი რგოლის გამართულად მუშაობის მნიშვნელობასა და დაავადებების პრევენციაზე გვესაუბრა:
„მე ვფიქრობ, რომ პირველადი ჯანდაცვა სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია. პირველად დონეზე სწორად და დროულად გამომჟღავნებული პათოლოგია შემდგომ ჩარევებს აღარ საჭიროებს. შესაბამისად, თითოეულ პაციენტზე სახელმწიფოს დანახარჯიც ნაკლები იქნება, თუ ჩვენი რგოლი გაძლიერდება“, – განაცხადა ლალი ხუსკივაძემ.
მან ისაუბრა იმ ძირითად პრობლემებზე, რომელიც პირველად რგოლში გვხვდება და რისი მოგვარებაც აუცილებელია, რათა სისტემამ გამართულად იმუშაოს:
„შეიძლება ითქვას, რომ პირველად რგოლში დასაქმებული ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის შრომა ნაკლებადაა დაფასებული. თუ უბანზე ცოტა პაციენტია, ხელფასი იმდენად მიზერულია, რომ მუშაობა არ ღირს.თუ პაციენტი ბევრია, მაშინ სხვა პრობლემები იჩენს თავს. კერძო კლინიკებშია კორპორაციული დაზღვევის სფეროში წესრიგია, სადაც ყველა პაციენტს თავისი დრო აქვს და ვიდრე კაბინეტის თავზე მწვანე შუქი არ აინთება, იქ არავინ შედის, ჩვენთან ეს რთული მისაღწევია. ძალიან აგრესიული კონტინგენტია.
მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში მოსახლეობა ექიმთან ვერ მიდიოდა და ახლა ყველას უნდა მიიღოს ეს მომსახურება. ამიტომ, სასურველია, არსებობდეს მექანიზმი, რომელიც შედარებით გააკონტროლებს და მოაწესრიგებს ექიმთან მიღების პროცესს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ოჯახის ექიმმა ყურადღებით მიიღოს ყველა პაციენტი და სწორად გაანაწილოს დრო. ძალიან მაწუხებს ეს ყველაფერი და ვისურვებდი, რომ ჩვენი რგოლის სამედიცინო პერსონალის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინონ“, – აღნიშნა თერაპევტმა ლალი ხუსკივაძემ.