უახლოეს პერიოდში საქართველოში რეინფიცირების სულ მცირე 200-300 შემთხვევა უნდა გამოგვივლინდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ კორონავირუსი მყარ იმუნიტეტს დატოვებდა და რეინფიცირების შემთხვევები ხშირი არ იქნებოდა, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა. ზახაშვილის განცხადებით, რეინფიცირების შემთხვევები იმაზე მეტი დაფიქსირდა, ვიდრე სპეციალისტები ელოდნენ.
„თუ გამოვალთ იმ პროპორციიდან, რაც მსოფლიოში არსებობს, მომავალ პეროდში რეინფიცირების სულ ცოტა 200-300 შემთხვევა უნდა გამოგვივლინდეს. 140-მდე ასეთი სავარაუდო შემთხვევა უკვე მოყვა ზედამხედველობის ქვეშ. თუმცა ამ ფაქტის შესწავლა რთულ ეპიდემიოლოგიურ და ლაბორატორიულ კვლევებს მოითხოვს და ზოგ შემთხვევაში ეს კვლევები შედეგს არ გვაძლევს სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორების გამო, რის გამოც ბოლომდე ვერ გავდივართ. მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეინფიცირების შემთხვევები გვაქვს. სწორედ ამიტომაა მოწოდებები, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდინფექცია, აუცილებლად უნდა მიიღონ ვაქცინა. ჯერჯერობით ასეა მიჩნეული, რომ ვაქცინაციის შემდეგ უფრო კარგი იმუნიტეტი ყალიბდება, ვიდრე დაავადების გადატანის შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, ის ახალი იმუნიტეტი, რომელიც ვაქცინის შედეგადაა ჩამოყალიბებული, უფრო მეტი შტამს დაფარავს, ვიდრე ის იმუნიტეტი, რომელიც ადამიანმა შეიძინა დაავადების გადატანის შემდეგ,“ – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა და აღნიშნა, რომ ხსნის გზა ვაქცინაციაზე გადის.