ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილი რეფორმა დადებითად შეაფასა სისხლძარღვთა და გადაუდებელი მიკროქირურგიის კლინიკა “კარაბადინის” ანგიოლოგმა თეიმურაზ კოპაძემ.
მისი განცხადებით, პირველადი რგოლის გამართული მუშაობა ნამდვილად დაეხმარება უამრავ ადამიანს, რათა თავიდან აიცილონ მძიმე სნეულებები.
“პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჯანდაცვის პირველადი რგოლი თითქმის ყველა განვითარებად ქვეყანაში წარმატებით მუშაობს. ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ ამ რგოლის განვითარება საქართველოშიც მეხილა.
ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტები სნეულებების პირველივე სტადიაში მიდიოდნენ ექიმთან და არა მაშინ, როდესაც საფრთხე მნისვნელოვნად გაზრდილია. პირველადი რგოლის რეფორმა იძლევა საშუალებას, რეალურად მოხდეს დაავადებათა პრევენცია”, – აცხადებს კოპაძე.
ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის, მედიკოსის აზრით, საჭიროა ამ პროცესში კერძო სექტორის მაღალი ჩართულობა. კოპაძეს მიაჩნია, რომ მხოლოდ სახელმწიფო სახსრები არ იქნება საკმარისი რეფორმის წარმატებისთვის.
“რეფორმის წარმატებულად განხორციელებისთვის, პირველ რიგში, საჭიროა მისი ფინანსურად უზრუნველყოფა. ვფიქრობ, შესაბამისი სახსრების გამოყოფა ძალიან გაუჭირდება სახელმწიფოს. შესაბამისად, კერძო სექტორის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
კერძო სექტორმაც უნდა გამოყოს გარკვეული თანხა, ეს სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. არა მარტო ამ სფეროში, ნებისმიერ, ხალხისთვის სასიკეთო საკითხში კერძო სექტორის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია”, – მიაჩნია კოპაძეს.
ექიმმა ასევე ისაუბრა რეფორმის მოსალოდნელ ხარჯეფექტურობაზეც და აღნიშნა, რომ ეს რეფორმა გრძელვადიან პერიოდში ხარჯეფექტური იქნება.
“პირველადი რგოლის რეფორმა, რა თქმა უნდა, გაზრდის სისტემის ხარჯეფექტურობას რამდენადაც ის მძიმე ოპერაციები, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს და ძალიან ძვირი ღირს, თავიდან იქნება აცილებული. პირველადი რგოლის რეფორმა ხომ სწორედ ამას გულისხმობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ხარჯეფექტურობა ნამდვილად არ იქნება შესამჩნევი 2-3 ან თუნდაც 10 თვეში, ამას მინიმუმ 1–2 წელი მაინც დასჭირდება”, – ამბობს მედიცინის მუშაკი.