პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება, მედიკამენტებისა და ამბულატორიული მომსახურების ხელმისაწვდომობა, ექიმთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება ჯანდაცვის სფეროს რეფორმებში პრიორიტეტულ თემებად რჩება.
კომპანია „გლობალური ალიანსის” სამუშაო გეგმის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ პირველადი ჯანდაცვის დახვეწას გულისხმობს. ცოტა ხნის წინ ფონდ ,,კურაციოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით სწორედ პირველადი ჯანდაცვა გამოიკვეთა ჯანდაცვის სექტორისთვის არსებულ გამოწვევებს შორის.
ჩვენ დავინტერესდით რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პირველადი ჯანდაცვის გამართულად მუშაობასა და ამბულატორიული მომსახურების ხელმისაწვდომობას საზოგადოების სხვადასხვა წევრები.
ცაგერის მაჟორიტარმა დეპუტატმა კარლო კოპალიანმა ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივა გაიხსენა და ადრეული მკურნალობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი:
„პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარების შესახებ მე მახსოვს ჩვენი მინისტრის ინიციატივა – პირველადი მკურნალობა, პრევენცია უნდა გაიზარდოს ქვეყანაში, რათა ჯანმრთელობის სფერო დამოკიდებული არ იყოს მხოლოდ სტაციონარებზე. ძალიან კარგი ინიციატივაა, ისევე, როგორც ამ სფეროსსხვა პროგრამები.
ადრეულ ეტაპზე მკურნალობა შეიძლება, ისეთი შედეგიანი აღმოჩნდეს, რომ იკლოს იმ მიმართვიანობამ, რაც დღეს გვაქვს. ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა. ამბულატორიული სექტორის განვითარებამ ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს. აუცილებელია, ყველგან იყოს სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება.”
დეპუტატი, ასევე,შეეხო ექიმთა სამუშაო პირობებს. მისი აზრით, მედიკოსთა ანაზღაურება,წინა წლებთან შედარებით, გაიზარდა:
„წინანდელთან შედარებით, ექიმების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა უზარმაზარი შრომა უწევთ, რომ სოლიდური ანაზღაურება მიიღონ. ხელფასი მაშინ არის მაღალი, როცა მიმართვიანობაა მაღალი, შესაბამისად, ასეთ დროს მათი დატვირთვაც იზრდება. ქვეყნის განვითარებასთან ერთად, ესეც გაუმჯობესდება. ბაზარი ამ პრობლემას თავად დაარეგულირებს.
ჯანმრთელობის სფერო ერთ-ერთი წარმატებულია ქვეყანაში და ცოტა კიდევ უნდა ვაცალოთ სამინისტროს. მჯერა, აქ ყველაფერი კარგად იქნება,” – ამბობს კოპალიანი.