მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ჯანმრთელობის უფლება გეოგრაფიული ნიშნით – გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები პროტესტს არ წყვეტენ

ჯანმრთელობის უფლება გეოგრაფიული ნიშნით – გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები პროტესტს არ წყვეტენ

“27 წლის გოგო, რომელსაც ჯერ მხედველობის პრობლემები დაეწყო, შემდეგ კი, კიდურებში დაბუჟება იგრძნო, თუმცა მკურნალობის თანხები არ აქვს და უბრალოდ, ელოდება, როდის დამძიმდენა მისი მდგომარეობა…

 ხანდაზმული ქალი, რომელსაც თავის დროზე სწორი დიაგნოზი ვერ დაუსვეს, ვერც მკურნალობა ჩაიტარა და ახლა ვერ გადაადგილდება…

30 წლამდე ბიჭი, რომელიც მთელ თავის ხელფასს – 850 ლარს წამლებში იხდის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის არ გახდეს…”

ეს ის ისტორიებია, რომლებსაც ბორჯომის რაიონის ერთ-ერთი ექიმი გვიყვება. ამ პაციენტებს საერთო დიაგნოზი – გაფანტული სკლეროზი აერთიანებს.

ექიმის ვინაობას კონფიდენციალურად ვტოვებთ, რათა მისი პაციენტების იდენტიფიცირება არ მოხდეს. ესეც სტიგმის შედეგია, რადგან დაავადებულთა ნაწილს არ სურს, ახლობლებმა ამ დიაგნოზის შესახებ გაიგონ, ნაწილს კი ეშინია, რომ მათი დაავადების თაობაზე მათი დამსაქმებელი გაიგებს და სამსახურიდან გაათავისუფლებს. არადა ტერმინ „სკლეროზს“ ამ შემთხვევაში მეხსიერებასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ამ დაავადების მქონე ადამიანებს გონებრივი შესაძლებლობების არავითარი პრობლემა არ გააჩნიათ.

გაფანტული ანუ მრავლობითი სკლეროზი ესაა თავის ტვინში მიმდინარე აუტოიმუნური ანთებითი პროცესი, რომელმაც შესაძლოა სხვადასხვა ორგანოს დაზიანება გამოიწვიოს. დაავადების პირველი სიმპტომების გაჩენა უმეტესად 20-დან 40 წლამდე ხდება, თუმცა გაფანტული სკლეროზი ბავშვთა ასაკშიც გვხვდება. უფრო იშვიათად, მაგრამ დაავადება შესაძლოა 40 წლის ასაკის შემდეგაც დაიწყოს. მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობის დამძიმება გარდაუვალია. მკურნალობა კი მას საშუალებას აძლევს, დაავადების განვითარება შეფერხდეს და ადამიანი სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნოს. თუმცა დაავადების სამკურნალო მედიკამენტებს მხოლოდ აჭარის და თბილისის მთავრობა აფინანსებს. საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრები პაციენტებისთვის კი მკურნალობა კვლავ ხელმიუწვდომელია. ისინი, უბრალოდ, ელოდებიან, როდის დამძიმდება მათი მდგომარეობა.

სწორედ ასეთ პაციენტებთან აქვს შეხება ბორჯომის რაიონის ერთერთ ექიმს, რომელიც გვიყვება, რომ განსაკუთრებით მძიმეა ის, რომ დაავადება ახალგაზრდა ადამიანებს ემართება.

„უსამართლობაა, რომ მაგალითად თბილისელ პაციენტს შეუძლია მკურნალობა, რეგიონში მცხოვრებს კი არა. ჩვენს რაიონში ცხოვრობს ხანდაზმული პაციენტი, რომელსაც ღრმა შეზღუდვა აქვს. მას ეს დიაგნოზი წლების წინ აქვს დასმული და მუდმივად ესაჭიროება გადასხმები, რასაც ოჯახი საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს. ასევე ახლახანს მოვიდა 27 წლის გოგო, რომელსაც ისეთი სიმპტომები ჰქონდა, რომ ეჭვი მივიტანე ამ დაავადებაზე და ნევროლოგთან გადავამისამართე, თუმცა მას ღრმა კვლევა სჭირდება. საერთაშორისო ეპიდემიოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში 1200-1300-მდე პაციენტი უნდა ცხოვრობდეს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზით“ – განაცხადა მედიკოსმა.

ექიმის განცხადებით, ის მონაწილეობას იღებდა 11 მაისს ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე „დაავადება  საცხოვრებელი ადგილით არ გვარჩევს“, რომლის მთავარი მოთხოვნა იყო რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთის მკურნალობა გახდეს ხელმისაწვდომი, როგორც ეს არის დღეს აჭარასა და თბილისში მცხოვრები პაციენტებისთვის. მედიკოსს მიაჩნია, რომ მხარი უნდა დაუჭიროს პაციენტებს და თავადაც მიიღოს მონაწილეობა იმ ბრძოლაში, რომელიც ამ ადამიანების მკურნალობის დაფინანსებასა და მათი სრულფასოვანი ცხოვრებისთვისაა აუცილებელი. ეს კი წელიწადში საშუალოდ 25 ათასი ლარი ჯდება.  მედიკოსი ამბობს, რომ დაფინანსება უნდა ხორციელდებოდეს ცენტრალური პროგრამით და არა მუნიციპალიტეტის დონეზე, რათა დისკრმინაცია გამოირიცხოს და ყველა პაციენტმა დაფინანსება თანაბრად მიიღოს.

დაფინანსების მოლოდინში გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებს ყოველდღიურად, ურთულესი პრობლემების გადალახვა უწევთ. სხეულის ცალკეული ნაწილების ფუნქციის დაკარგვა, მხედველობის გაორება, თავის ქალაზე მოჭერის განცდა, კონცენტრაციის დარღვევა, კიდურების ძლიერი დაბუჟება – დაავადების სიმპტომები მრავალფეროვანია. პაციენტმა წინასწარ იცის, რომ დროთა განმავლობაში მისი მდგომარეობა დამძიმდება, თუმცა როდის და რა ფორმით იჩენს თავს ვერაგი დაავადება, პროგნოზირება შეუძლებელია. ეს კი ამ ადამიანების ტანჯვას ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო ამძიმებს.

„არა დისკრიმინაციას“ – ამ ლოზუნგით გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებმა და მათი ოჯახის წევრებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია 11 მაისს გამართეს. პროტესტის მონაწილეების თქმით, დაპირების მიუხედავად, პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია. მათ განცხადება მინისტრის სახელზეც შეიტანეს. უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ მათ დაპირება მიიღეს, რომ შეხვედრა მომდევნო კვირაშიც გაიმართებოდა.

საქართველოში ამ დაავადების მქონე დაახლოებით 1200-1300 ადამიანია. ამასთან, დააადების განვითარება, როგორც უახლესი კვლევები აჩვენებს, გეოგრაფიულ სარტყელთანაა დაკავშიებული, ანუ დაავადება მეტია იქ, სადაც მზე ნაკლებია. ბოლო პერიოდში სულ აქტიურად განიხილება D ვიტამინის ფაქტორი.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …