ჯანმოს ევროპის რეგიონის სიმსუქნის ანგარიში 2022, რომელიც 3 მაისს ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის მიერ გამოქვეყნდა, ცხადყოფს, რომ ჭარბი წონისა და სიმსუქნის მაჩვენებლებმა რეგიონში ეპიდემიურ პროპორციებს მიაღწია და ზრდას განაგრძობს. რეგიონის 53 წევრი სახელმწიფოდან ამჟამად არცერთი არ არის 2025 წლისთვის ჯანმოს გლობალური არაგადამდები დაავადებების მიზნის – სიმსუქნის ზრდის შეჩერების – მიღწევის გზაზე.
ახალი მონაცემები სიმსუქნისა და ჭარბი წონის შესახებ
ანგარიში ცხადყოფს, რომ ევროპის რეგიონში ზრდასრულთა 59%-ს და თითქმის ყოველ მესამე ბავშვს (ბიჭების 29%-ს და გოგონების 27%-ს) ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე აწუხებს. ევროპის რეგიონში მოზარდებში სიმსუქნის გავრცელება უფრო მაღალია, ვიდრე ჯანმოს ნებისმიერ სხვა რეგიონში, გარდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკისა.
ჭარბი წონა და სიმსუქნე ევროპის რეგიონში სიკვდილიანობისა და უნარშეზღუდულობის წამყვან მიზეზებს შორისაა. ბოლო შეფასებით, ის ყოველწლიურად 1,2 მილიონზე მეტ სიკვდილს იწვევს, რაც რეგიონში მთლიანი სიკვდილიანობის 13%-ზე მეტია.
სიმსუქნე ზრდის მრავალი არაგადამდები დაავადების, მათ შორის კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მეორე ტიპის დიაბეტისა და ქრონიკული რესპირატორული დაავადებების რისკს. სიმსუქნე განიხილება მინიმუმ 13 სხვადასხვა სახის კიბოს გამომწვევ მიზეზად და სავარაუდოდ რეგიონის მასშტაბით, ყოველწლიურად კიბოს მინიმუმ 200,000 ახალი შემთხვევის პირდაპირი მიზეზია. ეს მაჩვენებელი მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. ჭარბი წონა და სიმსუქნე ასევე არის უნარშეზღუდულობის წამყვანი რისკ-ფაქტორი და იწვევს უნარშეზღუდულობით ცხოვრების წლების 7%-ს რეგიონში.
ადამიანებს, რომელთაც აწუხებთ ჭარბწონიანობა და სიმსუქნე COVID-19 პანდემიის შედეგად არაპროპორციულად დიდი ზიანი მიადგათ. პანდემიის დროს ადგილი ჰქონდა საკვების მოხმარებისა და ფიზიკური აქტივობის მხრივ არასახარბიელო ცვლილებებს, რაც გავლენას მოახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მომდევნო წლებში და ტენდენციის შესავლელად საჭიროებს მნიშვნელოვან ძალისხმევას.
განსახორციელებელი პოლიტიკის ზომები: რის გაკეთება შეუძლიათ ქვეყნებს?
ნებისმიერ ზომას, რომელიც მიმართულია ჭარბი წონისა და სიმსუქნის წინააღმდეგ ქვეყნის დონეზე, უნდა ჰქონდეს მაღალი დონის პოლიტიკური მხარდაჭერა. ის ასევე უნდა იყოს ყოვლისმომცველი, მოიცავდეს ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპს და მიმართული იყოს უთანასწორობის შემცირებისკენ. სიმსუქნის პრევენციის ძალისხმევა უნდა ითვალისწინებდეს დაავადების უფრო ფართო დეტერმინანტებს, გასცდეს ინდივიდებზე ფოკუსირებულ მიდგომებს და მიმართულ იქნეს სიმსუქნის სტრუქტურული რისკ-ფაქტორების აღმოფხვრისკენ.
ჯანმოს ანგარიშში მოყვანილია პოლიტიკის რამდენიმე ზომა, რომელთაც აქვთ პოტენციალი შეამცირონ სიმსუქნისა და ჭარბწონიანობის გავრცელება:
ფისკალური ინტერვენციების განხორციელება (როგორიცაა შაქრიანი სასმელების დაბეგვრა ან სუბსიდიები ჯანსაღი საკვებისთვის);
ბავშვებზე არაჯანსაღი საკვების რეკლამის შეზღუდვა;
პირველადი ჯანდაცვის სფეროში სიმსუქნისა და ჭარბწონიანობის მართვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში;
დიეტისა და ფიზიკური აქტივობის გაუმჯობესების ძალისხმევა ცხოვრების ყველა ეტაპზე, მათ შორის ზრუნვა ორსულობის და მის წინა პერიოდში, ძუძუთი კვების ხელშეწყობა, ინტერვენციები სკოლებში და ზომების მიღება ისეთი გარემოს შესაქმნელად, რომელიც აუმჯობესებს ხელმისაწვდომობას ჯანსაღი საკვებსა და ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობებზე;