ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების სფეროში დასაქმებული მოქალაქეების საშუალო თვიური ხელფასი 1350 ლარს შეადგენს. მონაცემებს, რომლებიც მიმდინარე წლის პირველ კვარტალს ასახავს, საქსტატი ავრცელებს.
მისივე სტატისტიკით, წინა წლის პირველ კვარტალში ჯანდაცვისა და სოცმომსახურების სფეროში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1200 ლარსაც ვერ აღწევდა. შესაბამისად, ზრდა დაახლოებით 12%-ია.
ზოგადად კი, 2022 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.1 პროცენტით (190.3 ლარით) გაიზარდა და 1 446.5 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 468.1 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 6.4 პროცენტით), ასევე ინფორმაცია და კომუნიკაციის (2 380.8 ლარი, გაიზარდა 8.0 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.
საქმიანობების 20 სახეობას შორის ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი სიდიდით მეცხრე ადგილზეა.