ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა შეაფასა კლინიკა ,,ოუნონას’’ ოჯახის ექიმმა მარინა გვიანიშვილმა. მისი განცხადებით, ჯანდაცვის რგოლის რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ასევე ექიმების დატრენინგება.
,,პირველად ჯანდაცვას, რომ გადავხედოთ, მართლაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ სფეროში. დაინერგა სხვადასხვა პროგრამები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ექიმების ხელფასი იყოს მათი საქმიანობის შესაბამისი.
ვთვლი, რომ ის შრომა, რასაც ნებისმიერი მედიკოსი დებს თავის საქმეში და ასევე პაციენთან მიმართებაში, საკმაოდ დასაფასებელია, აქედან გამომდინარე, საკითხი ექიმების ხელფასებთან დაკავშირებით გადასახედია. სავარაუდოდ ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის ერთ–ერთი პუნქტი ესეც არის და ძალიან მოხარული ვიქნები თუ განხორციელდება.
ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის რგოლის რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ექიმების დატრენინგება. ამ ტრენინგებს ადრე უფრო სავალდებულო სახე ჰქონდა, ეხლა კარგა ხანია აღარ ჩატარებულა და თუ ამ ყველაფრის ტენდენცია კიდევ დაინერგება, ძალიან მოხარული ვიქნები და მართლაც რომ კარგი იქნება.
ძალიან ბევრი ჩვენი პაციენტი იყო კერძო დაზღვევაში. შემდგომ, რომ მოინდომეს გადმოსვლა საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში, მათ დაუწესდათ მინიმალური დონის დაზღვევა, რომელიც ფაქტობრივად არაფერს არ ითვალისწინებს, გარდა სისხლის და შარდის ანალიზისა.
არიან პაციენტები, რომლებსაც მართლაც ძალიან სჭირდებათ დახმარება, მაგამ პროგრამა არ აძლევთ იმის საშუალებას, რომ ესა თუ ის ოპერაცია დაუფინანსდეთ ისე, როგორც სხვა, ამ პროგრამაში ჩართულ პაციენტებს, ამიტომაც კარგი იქნება თუ ამასაც გაითვალისწინებს ჯანდაცვის სისტემა. საჭიროა, რომ მსგავსი პაციენტების გადაყვანა დროულად მოხდეს საბაზისო პროგრამაზე.
სხვა მხრივ ძალიან კარგი პროგრამები აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. არ შემიძლია არ ავღნიშნო ასაკოვანთა სადაზღვეო პროგრამები, რაც ძალიან კარგია და პაციენტებიც ძალიან კმაყოფილები არიან.’’
მარინა გვიანიშვილმა ასევე ისაუბრა საყოველთაო დაზღვევაზე და აღნიშნა, რომ ეს პროგრამა ძალიან კარგად მიმდინარეობს. მედიკოსის თქმით, გაიზარდა პაციენტების მომართვიანობა და ისინი ძალიან კმაყოფილები არიან.