მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმამ სისტემა ხარჯეფექტური უნდა გახადოს
ხარჯთეფექტურობის

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმამ სისტემა ხარჯეფექტური უნდა გახადოს

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმისას ეკონომიკური კონტექსტიც უნდა იქნას გათვალისწინებული აცხადებენ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში”.

როგორც „აფბა“-ს ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი კაპანაძემ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმამ სისტემა ხარჯეფექტური უნდა გახადოს. ამასთან, მისივე განცხადებით, რეფორმის პროცესში რეალური ეკონომიკური ეფექტის მისაღწევად, მედიკოსების შრომის ღირსეული ანაზღაურება უნდა მოხდეს.

„ჯანდაცვის პირველადი რეფორმის პროცესში რეალური ეკონომიკური ეფექტის მისაღწევად აუცილებელია დასაქმებული მედიკოსების შრომის ღირსეული ანაზღაურება და სისტემაში ხარჯეფექტურობის მიღწევა.

ეს უნდა იყოს ორმხრივი ეკონომიკური ეფექტი, რამდენადაც, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გამართულად ფუნქციონირების შემთხვევაში, ანუ ადგილზე დიაგნოსტირებისა და სწორი მკურნალობის დანიშვნისას, პაციენტებს მედიკამენტებზე დანახარჯები შეუმცირდება და, ასევე, ჰოსპიტალური სექტორისადმი მიმართვიანობა დაიკლებს, რაც თავის მხრივ, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ფინანსურ მოცულობას შეამცირებს“, – განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ოჯახის ექიმების ანაზღაურება ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს.

„ოჯახის ექიმის ანაზღაურება მასზე მიწერილი ბენეფიციარების რაოდენობაზეა მიბმული, რომლებიც ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში არიან ჩართულები. დღეის მდგომარეობით კი, ოჯახის ექიმის ხელზე ასაღები ხელფასი 400 ლარი გამოდის, ექთნისა – 200, რაც მიზერული თანხაა.

აუცილებელია მისი ეტაპობრივად გაზრდა. ფაქტია, რომ სახელმწიფოს ამ პროცესის ხელისშემშლელი ან მარეგულირებელი ბერკეტი კანონმდებლობით არ გააჩნია, შესაბამისად, რეფორმის პროცესში ეს საკითხიც უნდა იქნას გათვალისწინებული“, – აღნიშნა კაპანაძემ.

ამასთან, როგორც კაპანაძემ განმარტა, ჯანდაცვის ძირითადი ხარჯი მედიკამენტებზე, ჰოსპიტალიზაციის და მაღალტექნოლოგიური ჩარევების დაფინანსებაზე მიდის, რაც უნდა შეჩერდეს და შეიცვალოს.

„ჯანდაცვის ძირითადი ხარჯი მედიკამენტებზე, ჰოსპიტალიზაციის და მაღალტექნოლოგიური ჩარევების დაფინანსებაზე მიდის. ჯანდაცვის სფეროში წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდი ლარი იხარჯება. აქედან 40% მედიკამენტებზე მოდის, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. სწორედ არსებული ტენდენციის შეჩერება და შემდგომ მისი პირიქით შეცვლა უნდა გახდეს ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის ეკონომიკური ეფექტი“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ “პირველ პრესკლუბში”.

ამასთან, „აფბა“ ჯანდაცვის რეფორმის დროს არსებული ხარვეზების და პრობლემების მოსაგვარებლად საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და ქართულ რეალობაზე ადაპტირების რეკომენდაციას იძლევა.

pia.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …