პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დეპუტატი არჩილ თალაკვაძე არ უარყოფს და არც ადასტურებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება.
“მინდა, წარმატებები ვუსურვო ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს. რაც შეეხება ახალ მინისტრს, მას, რა თქმა უნდა, ექნება ჩვენი სრული მხარდაჭერა, რათა იმ ამოცანებს უპასუხოს, რაც არის საზოგადოებრივ ჯანდაცვაში”, – თქვა მან, ჟურნალისტების დამატებით კითხვაზე კი, ინიშნება თუ არა თავად ახალ მინისტრად, თალაკვაძემ უპასუხა: “სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით”.
9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქმიანობას ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. მან მადლობა გადაუხადა გუნდს, მიმოიხილა პანდემიის პროცესი და ისაუბრა სამინისტროს საქმიანობაზე.
რამდენიმე კვირაა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერმინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის, შიდა დაპირისპირება არსებობს. მათ შორის, კოვიდრეგულაციებთან და უვადო მწვანე სტატუსთან დაკავშირებით.