ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო „ტვინდემიის“ სამართავად მზად არის.
ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის განაცხადებით, ქვეყანა „ტვინდემისთვის“ საწოლფონდის კუთხითაც მზად არის.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ტვინდემიის“ მოლოდინი გასულ წელსაც იყო, თუმცა მაშინ კორონავირუსმა ყველა სხვა სეზონური ვირუსი ჩაანაცვლა.
“ტვინდემიის“ მომენტში ამირან გამყრელიძე და მსოფლიო არა ახალ შტამზე, არამედ ორი სხვადასხვა ვირუსის ზედდებაზე საუბრობს, სადაც 1 ვირუსი არის COVID-19, ხოლო მეორე სეზონური ვირუსი. „ტვინდემიის“ მოლოდინი შარშანაც იყო, თუმცა კოვიდმა შარშან მოახერხა და ჩაანაცვლა ყველა სხვა სეზონური ვირუსი. ამ ეტაპზე კოვიდი შედარებით დასუსტებულია და აქედან გამომდინარე ყველა სხვა ვირუსიც უკვე სახეზეა, მათი ერთმანეთთან თანდებით უკვე შეინიშნება მოსახლეობის ორმაგი ინფიცირება. რა თქმა უნდა, ქვეყანა ამისთვისაც არის მზად, მკურნალობა ტიპურია და სიმპტომურად მიმდინარეობს. საწოლფონდის მიხედვით ქვეყანა ამისთვისაც მზად არის და მნიშვნელოვანია ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია“ – განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ეპიდვითარება ქვეყანაში საყურადღებოა და ბოლო ერთი კვირის მანძილზე ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი მომატებულია, რაც ეტაპობრივად აისახება ვირუსის გავრცელებაზე.
მისივე ინფორმაციით, სახეზე გვაქვს ვაქცინაციის რიცხვის საკმაოდ მასშტაბური კლება, რაც ძალიან სამწუხაროა.
,,მნიშვნელოვნად რჩება როგორც ვაქცინაცია, ასევე იმ რეგულაციების მკაცრი დაცვა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის მოწოდებული. აცრის რიცხვი არის დაკლებული, რაც ძალიან სამწუხაროა, სახეზე გვაქვს საკმაოდ მასშტაბური კლება. დღეს გვაქვს დამატებით საბჭო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გუბერნატორები და მერები. მნიშვნელოვანია მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობების გააქტიურება, ვინაიდან მხოლოდ სამინისტრო საკმარისი მასშტაბით ინფორმაციას ვერ აწვდის რეგიონებს. ჩვენ მათ მივაწვდით ინფორმაციას თითოეული რეგიონის ჭრილში, თუ სად არის კრიტიკული რაოდენობა ვაქცინირებული ჩვენი მოქალაქეების და შემდეგ ერთობლივად მნიშვნელოვანია გაიმართოს ყველა საველე სამუშაო რომლის დახმარებით უკვე მოიმატებს ვაქცინაციის პროცესი რეგიონებშიც“, – განაცხადა ტიკარაძემ.